


მკვლევარ თამარ ლეკვეიშვილის საჯარო ლექცია „ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის „შაჰ აბასის მმართველობის ქრონიკა“ – ახალი წყარო მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისთვის“
ღონისძიებები
23 იანვარს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში ილიაუნის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე ინსტიტუტის ასოცირებული მკვლევარი თამარ ლეკვეიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ფაზლი ბეგ ხუზანი ესფაჰანის „შაჰ აბასის მმართველობის ქრონიკა“ – ახალი წყარო მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოსა და საქართველო-ირანის ურთიერთობების ისტორიის შესწავლისთვის“.
მომხსენებელი ისაუბრებს აღნიშნული წყაროს მნიშვნელობაზე მე-17 საუკუნის პირველი ნახევრის საქართველოს ისტორიისა და ირან-საქართველოს ურთიერთობების შესწავლისთვის. წყარო, რომელიც დღემდე უცნობი იყო ქართული სამეცნიერო საზოგადოებისთვის, ქართულად თარგმნა თამარ ლეკვეიშვილმა. თარგმანს ერთვის გამოკვლევა და კომენტარები.
თამარ ლეკვეიშვილი შეეხება წყაროს არაერთი მნიშვნელოვან, დღემდე უცნობ ფაქტს, რომლებიც შეჯერებული იქნება სხვა წყაროების მონაცემებთან (შაჰ აბას I-ის და მისი კარის პოლიტიკის სხვადასხვა ასპექტი აღმოსავლეთ საქართველოში, ურთიერთობა სამეფო საგვარეულოსა და თავადაზნაურობასთან, თანამშრომლობისა და დაპირისპირების განმაპირობებელი ფაქტორები, ლაშქრობათა მიზეზები და შედეგები, ადგილობრივ პოლიტიკურ ერთეულებთან სპეციფიკური ურთიერთობების განმაპირობებელი ფაქტორები, იმ პერიოდის აღმოსავლეთ საქართველოში არსებული მმართველობის სისტემის თავისებურებანი და სხვ.).
საჯარო ლექცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ახალგაზრდა მეცნიერთა კვლევების კონკურსში გამარჯვებული პროექტის (YS-22-209) ფარგლებში.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 23 იანვარი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის S201/202 დარბაზი, გ. წერეთლის ქუჩა N3
დასწრება თავისუფალია.
2025