ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მე-20 საუკუნის დასაწყისის უნიკალური ფოტოგამოფენა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

ღონისძიებები

23 სექტემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (სოვლაბი) წარმოგიდგენთ ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახური კოლექციის დღემდე უცნობ ფოტოგამოფენას, რომლის კურატორია ცნობილი ფოტოგრაფი გურამ წიბახაშვილი.

მინის ნეგატივები, რომლებიც სოვლაბმა ოჯახის ერთ-ერთი შთამომავლისგან შეიძინა, მე-20 საუკუნის დასაწყისის, მათ შორის საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდის, რამდენიმე საკვანძო პოლიტიკურ მოვლენას ასახავს.

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს 70 წლის არსებობის განმავლობაში ტოტალიტარული სისტემა გეგმაზომიერად აქრობდა არა მხოლოდ არასასურველ ადამიანებს, არამედ არასაბჭოთა ყოფისა თუ მოვლენების ამსახველ ვიზუალურ მასალასაც, რადგან ოფიციალურ პროპაგანდისტულ ნარატივებს არ ეხმიანებოდა. საბჭოთა რეჟიმის ამოცანა იყო ახალი საბჭოთა რეალობის შექმნა და არასაბჭოთა, არატოტალიტარული ყოფის მეხსიერებიდან წაშლა.

რუსული საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმი დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრების ამა თუ იმ მოვლენის ამსახველ ფოტოებსა და კინოფირზე აღბეჭდილ დოკუმენტურ მასალას არქივებში კეტავდა ან მოსკოვში გაჰქონდა როგორც „მტკიცებულება“. ამის გამო არაერთი ამგვარი მოვლენა მეხსიერებიდან გაქრა ან მხოლოდ ფრაგმენტულად შემორჩა, მიუხედავად იმისა, რომ ფოტოებსა და კინოფირებზე იყო აღბეჭდილი.

გამქრალი მეხსიერების ნაწილობრივ შესავსებად ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახის დღემდე უცნობი ფოტომემკვიდრეობა ფასდაუდებელი მნიშვნელობისაა.

ნიკო ნიკოლაძე, საქართველოს ევროპისკენ სწრაფვის ერთ-ერთი მოთავე, თავად იყო ფოტოგრაფიით გატაცებული და ეს ხელოვნება შვილებს – გიორგის, თამარსა და რუსუდანს – შეასწავლა. გიორგი ნიკოლაძე, ქართული მათემატიკის სამეცნიერო სკოლის, ინჟინერიის, ალპინიზმისა და ტანვარჯიშის ცნობილი პიონერი, ჟორჟეტა ღამბაშიძეზე იყო დაქორწინებული. ფოტოგრაფიით იყო გატაცებული მისი მამა, ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე, განმანათლებელი და პოლიტიკური მოღვაწე, და ქალიშვილიც მის კვალს გაჰყვა. ნიკოლაძე-ღამბაშიძეების ოჯახის ობიექტივში მე-19 საუკუნის ბოლოსა და მე-20 საუკუნის დასაწყისის თითქმის ყველა საკვანძო მოვლენა მოხვდა.

გამოფენა და დისკუსია ორგანიზებულია პროექტის „საბჭოთა მეხსიერება: ნოსტალგია და რუსული ისტორიის გადასინჯვა/გააზრება ფაქტებზე დაყრდნობით“ (“The Memory Project: Face-based Countering of Soviet Nostalgia and Russian Historical Revisionism”) ფარგლებში, რომლის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. პროექტში ჩართული არიან ჰარვარდის უნივერსიტეტი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, ქართული ლიტერატურის მუზეუმი, საქართველოს პენცენტრი, ილიაუნის მეხსიერების კვლევების ცენტრი, მწერალთა სახლი და საქართველოს ეროვნული ფონდი. პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს მიერ.

დრო: 23 სექტემბერი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ი. ჭავჭავაძის გამზ. N32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის ფოიე

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები