ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

მარსელ პრუსტის „სვანის მხარეს“ – რომანის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

ღონისძიებები

11 ოქტომბერს, 19:00 საათზე, წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა გეპატიჟებათ მარსელ პრუსტის 7 რომანისგან შემდგარი ციკლის „დაკარგული დროის ძიებაში“ პირველი წიგნის „სვანის მხარეს“ პრეზენტაციაზე.

მარსელ პრუსტი (1871-1922) მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან მწერლადაა აღიარებული, მიუხედავად იმისა, რომ მას „ერთი ნაწარმოების ავტორს“ უწოდებენ. ფრანგი მწერალი, რომელიც მოდერნიზმის მამამთავრად, დეკადენტური რომანის ფუძემდებლადაა მიჩნეული.

„დაკარგული დროის ძიებაში“ მარსელ პრუსტის რეალური ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე მიღებული, გონებაში ღრმად დალექილი შთაბეჭდილებების ნაკრებია. ციკლის პირველ წიგნში მთხრობელი საკუთარ ბავშვობას იხსენებს. ცხრა წლის მარსელი ასთმით დაავადდა და იძულებული გახდა, ზაფხული ილიეში გაეტარებინა. ილიე „დაკარგული დროის ძიებაში“ კომბრედ იქცა. სწორედ იქ მიმდინარეობს რომანის უმთავრესი პერიპეტიები. „სვანის მხარეს“ გარდა მთხრობელის ბავშვობისა, ოჯახის ძველი მეგობრის, მესიე სვანის ცხოვრების ერთ მნიშვნელოვან ეპიზოდზეც გვიყვება. ღრმად ფილოსოფიურ-ფსიქოლოგიური, „იმპრესიონისტული“ ტექსტი, რომელიც მოვლენათა ობიექტურად გაანალიზების ნაცვლად ინტუიციურ წვდომას, სუბიექტურ აღწერას გვთავაზობს, ღრმად იჭრება მკითხველის გონებაში და წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

„სვანის მხარეს“ ქართულად პირველად გამოიცემა – წიგნის გამოსვლიდან (1913 წ.) საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგ.

წიგნს მთარგმნელი სოფიო ბენდიაშვილი და ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძე წარადგენენ.

დრო: 11 ოქტომბერი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები