ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

საერთაშორისო კონფერენცია “ავანგარდის მომენტების გახსენება, ავანგარდის სცენების შეკავშირება”

ღონისძიებები

9-11 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია „ავანგარდის მომენტების გახსენება, ავანგარდის სცენების შეკავშირება”.  

კონფერენცია ეძღვნება H2SO4-ის 100 წლისთავს.

ისტორიული ავანგარდი მოიცავს მივიწყებულ მომენტებსა და სცენებს, რომელთა ხელახალი აღმოჩენა, ევროპული ავანგარდის ცენტრალურ თუ პერიფერიულ სცენებთან შეკავშირება ჯერაც მიმდინარეობს. სხვადასხვა ნაციონალურ კულტურაში არ გამოვლინდებოდა ავანგარდული მომენტები, რომ არა ძლიერი სურვილი ესთეტიკური ძიებებისა და ექსპერიმენტაციის ფართო ევროპულ ქსელთან შეკავშირებისა. თუმცა, ისტორიული ცვლილებების გამო, ზოგიერთი მომენტი/სცენა გამოეთიშა ერთიან პროცესს და ათწლეულების განმავლობაში მივიწყებული რჩებოდა.

ერთ-ერთი ასეთი მომენტია ტფილისის მოდერნიზმი/ავანგარდი (1917-1918) და ფუტურისტული ჯგუფი H2SO4 (1920-იანი წლები), რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული კულტურული მეხსიერებიდან ამოშალა და ქვეყანა ევროპულ კულტურულ კონტექსტს მოსწყვიტა. პოსტსაბჭოთა ათწლეულებში საქართველომ ეს მემკვიდრეობა დაიბრუნა. H2SO4-ის (1924), ფუტურისტული ჯგუფისა და ამავე სახელწოდების ჟურნალის ასი წლისთავი კარგი საბაბია განსხვავებულ, თუმცა ურთიერთშედარებად ავანგარდულ კულტურულ გამოცდილებებზე მსჯელობისათვის.

ჩვენ გვესმის ავანგარდი, როგორც სხვადასხვა კულტურული მომენტების ერთიანობა. თითოეული ლოკალიზებული მომენტის სპეციფიკა განიხილება მათი ტრანსკულტურული კავშირების ისტორიისა და აწმყოში ტრანსგრესიის პოტენციალის პერსპექტივებიდან. ამ ისტორიების აღსადგენად ჩვენ ვიკვლევთ ქსელებს, ურთიერთობებს, ჯგუფებს, ურთიერთთანამშრომლობას, რომლებიც უნიკალური მომენტების შესაქმნელად ყალიბდებოდა, ქრებოდა, კვლავაც ჩნდებოდა. კვლავ ისმის კითხვები: როგორია ავანგარდის სოციალური ტრანსფორმაციის ძალა; რას გადმოგვცემს კულტურათაშორისი ავანგარდული ალიანსების თეორიული და მეთოდოლოგიური ურთიერთმიმართების ისტორიები?

განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ტრანსკულტურული ქსელებისა და კულტურული რეალობების ფარგლებში გენდერის ისტორიულად რეპრესირებულ თემაზე (იხ. გრიზელდა პოლოკი).

როგორ ყალიბდებოდა ავანგარდის მხატვრულ პრაქტიკაში მიმართება ცხოვრების ფორმების ცალკეულ განზომილებებთან, განსაკუთრებით გენდერთან? როგორ არის აგებული სოციალური და სივრცითი სტრუქტურები, განსაკუთრებით ძალთა ურთიერთობები? როგორ განსაზღვრავდნენ კონკრეტული ჯგუფები თავიანთი შემოქმედებითი პრაქტიკით მხატვრული ფორმებისადმი საზოგადოების დამოკიდებულებებს? ჩვენი მიზანი იქნება, დავინახოთ ცხოვრების თვალსაჩინო რეალობა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ნათლად აღქმული - სივრცითი, ინსტიტუციური თუ პოლიტიკური გარემოებების გამო.

 გამომსვლელებს ვიწვევთ ერთი ან რამდენიმე თემის განსახილველად:

  • ქსელები, თანამშრომლობა, ჯგუფები, ალიანსები და მათი ტრანსკულტურული კავშირები;
  • გენდერული და სოციალური სტრუქტურირების საკითხები ხელოვნებაში;
  • ავანგარდის ურთიერთგანსხვავებული პრაქტიკა;
  • მოდერნიზმის/ავანგარდის სხვადასხვა ნარატივები;
  • ავანგარდის ტრანსფორმაციული ძალა და კულტურული განახლების გამოწვევები;
  • ავანგარდული და ეროვნული კულტურები.

გთხოვთ, გამოგზავნოთ აბსტრაქტები, არაუმეტეს 250 სიტყვისა, 20-წუთიანი მოხსენებისათვის, თქვენ მოკლე ბიოგრაფიასთან ერთად მისამართზე: complit@iliauni.edu.ge

ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2024

განაცხადების მიღების ვადა გაზრდილია 5 სექტემბრამდე.

კონფერენციაში მონაწილეობა, ყავის შესვენება და ლანჩი მომხსენებლებისთვის უფასოა.

კონფერენცია ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტისა და უმაღლესი კვლევების ცენტრის მიერ; ლუნებურგის ლეუფანას უნივერსიტეტის (გერმანია), ფილოსოფიისა და ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

საორგანიზაციო კომიტეტი: ბელა წიფურია, ლევან გელაშვილი (შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტი, ილიაუნი); გიგა ზედანია, თამარ თოლორდავა (უმაღლესი კვლევების ცენტრი, ილიაუნი); კატარინა ჭელიძე (ლუნებურგის ლეუფანას უნივერსიტეტი).

 2024

ბანერები