ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონფერენციები

„ავანგარდის მომენტების გახსენება, ავანგარდის სცენების შეკავშირება“ – H2S04-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია

ღონისძიებები

9-11 ოქტომბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება H2S04-ის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია „ავანგარდის მომენტების გახსენება, ავანგარდის სცენების შეკავშირება“.

ისტორიული ავანგარდი მოიცავს მივიწყებულ მომენტებსა და სცენებს, რომელთა ხელახალი აღმოჩენა, ევროპული ავანგარდის ცენტრალურ თუ პერიფერიულ სცენებთან შეკავშირება ჯერაც მიმდინარეობს. სხვადასხვა ნაციონალურ კულტურაში არ გამოვლინდებოდა ავანგარდული მომენტები, რომ არა ძლიერი სურვილი ესთეტიკური ძიებებისა და ექსპერიმენტაციის ფართო ევროპულ ქსელთან შეკავშირებისა. თუმცა ისტორიული ცვლილებების გამო ზოგიერთი მომენტი/სცენა გამოეთიშა ერთიან პროცესს და ათწლეულების განმავლობაში მივიწყებული რჩებოდა.

ერთ-ერთი ასეთი მომენტია ტფილისის მოდერნიზმი/ავანგარდი (1917-1918) და ფუტურისტული ჯგუფი H2SO4 (1920-იანი წლები), რომელიც საბჭოთა ხელისუფლებამ ქართული კულტურული მეხსიერებიდან ამოშალა და ქვეყანა ევროპულ კულტურულ კონტექსტს მოსწყვიტა. პოსტსაბჭოთა ათწლეულებში საქართველომ ეს მემკვიდრეობა დაიბრუნა. H2SO4-ის (1924), ფუტურისტული ჯგუფისა და ამავე სახელწოდების ჟურნალის ასი წლისთავი კარგი საბაბია განსხვავებულ, თუმცა ურთიერთშედარებად ავანგარდულ კულტურულ გამოცდილებებზე მსჯელობისათვის.

ჩვენ გვესმის მოდერნიზმი და ავანგარდი, როგორც სხვადასხვა კულტურული მომენტების ერთიანობა. თითოეული ლოკალიზებული მომენტის სპეციფიკა განიხილება მათი ტრანსკულტურული კავშირების ისტორიისა და აწმყოში ტრანსგრესიის პოტენციალის პერსპექტივებიდან. ამ ისტორიების აღსადგენად ჩვენ ვიკვლევთ ქსელებს, ურთიერთობებს, ჯგუფებს, ურთიერთთანამშრომლობას, რომლებიც უნიკალური მომენტების შესაქმნელად ყალიბდებოდა, ქრებოდა, კვლავაც ჩნდებოდა. კვლავ ისმის კითხვები: როგორია ავანგარდის სოციალური ტრანსფორმაციის ძალა; რას გადმოგვცემს კულტურათაშორისი ავანგარდული ალიანსების თეორიული და მეთოდოლოგიური ურთიერთმიმართების ისტორიები?

კონფერენცია ორგანიზებულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურის ინსტიტუტისა და უმაღლესი კვლევების ცენტრის მიერ; ლიონებურგის ლოეფანას უნივერსიტეტი (გერმანია), ფილოსოფიისა და ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით.


კონფერენციის პლენარული მომხსენებლები/საუბრები:

გიუნტერ ბერგაუსი (ბრისტოლის უნივერსიტეტი)

საერთაშორისო ფუტურიზმი და ურთიერთგანაყოფიერება ისტორიულ ავანგარდში

ხელოვანთა საუბარი: ბეატე ზოენტგენი (ლოეფანას უნივერსიტეტი ლიონებურგში) ანუკ ბელუგასა და მარი ყალაბეგაშვილთან ერთად

გია ჯოხაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) 

ლექცია/წიგნის პრეზენტაცია

მანდელშტამიანა: რუსეთისა და საქართველოს კულტურული ისტორიის ფრაგმენტები 


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 9-11 ოქტომბერი

ადგილმდებარეობა: უმაღლესი კვლევების ცენტრი, გიორგი წერეთლის N3, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსი, მე-8 სართული, ოთახი 800

2024

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები