ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ინტერდისციპლინარული სემინარების ციკლი - საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის საქმიანობა

ღონისძიებები

4 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის ორგანიზებით, ინტერდისციპლინარული სემინარების ციკლის „ენერგეტიკა და მდგრადი განვითარება“ ფარგლებში, რიგით პირველი სემინარი გაიმართება.
სემინარს თემაზე „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის საქმიანობა“ ჩაატარებს სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ გენერალური დირექტორის მოადგილე ირაკლი გალდავა.

სემინარის შესახებ

ელექტროენერგიის ბირჟა აერთიანებს დღით ადრე და დღიურ ბაზრებს. დღით ადრე ბაზარზე რეალური ვაჭრობის დაწყება დაგეგმილია 2021 წლის 1 ივლისიდან, ხოლო დღიური ბაზარი ფუნქციონირებას დაიწყებს არა უგვიანეს 2022 წლის 1 ივლისისა. ამჟამად მიმდინარეობს დღით ადრე ბაზრის სატესტო რეჟიმი. ელექტროენერგიის ბირჟის სათანადოდ ამუშავება ენერგეტიკული სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. იგი შექმნის სწორ საბაზრო სიგნალებს და სამომავლოდ ხელს შეუწყობს მეზობელ ქვეყნებთან ელექტროენერგიით ვაჭრობის გამარტივებას.

  • რას გულისხმობს ახალი ბაზრის მოდელი?
  • როდის და როგორ ამუშავდება ახალი ელექტროენერგეტიკული ბირჟა და რა მნიშვნელობა ექნება მას ელექტროენერგიის ბაზრის განვითარებაზე?
  • როგორ მუშაობს ელექტროენერგიის ბაზრები?
  • რა ტიპის პროდუქტებია ელექტროენერგიის ბირჟზე?
  • რატომ და როგორ ხდება საათობრივი ვაჭრობა ელექტროენერგეტიკულ ბირჟაზე?

მომხსენებლის შესახებ

ირაკლი გალდავას აქვს 10-წლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის სექტორში. ირაკლი ფლობს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) ეკონომიკის (ენერგოეკონომიკის მიმართულება) მაგისტრის ხარისხს. მისი კარიერა ენერგეტიკის სექტორში დაიწყო ISET-ის კვლევით ინსტიტუტში 2011 წელს, სადაც ის მუშაობს მკვლევრად ენერგეტიკის საკითხებში. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში გატარებული 6 წლამდე პერიოდის შემდეგ ირაკლი შეუერთდა საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას. პრაქტიკული საქმიანობის გარდა, ირაკლი ატარებდა ლექციებსა და ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით, როგორიცაა: ეკონომეტრიკა, ხარჯსარგებლიანობის ანალიზი, პროგნოზირება ენერგეტიკის სექტორში და ა.შ. ის არის ავტორი სახელმძღვანელოებისა და სტატიების ენერგეტიკის დარგში, ამავდროულად ჩართულია სხვადასხვა ენერგეტიკულ პროექტში, როგორც დარგის ექსპერტი. უწევდა რა ენერგეტიკის სექტორის, მათ შორის ენერგეტიკული ბაზრების, შეფასება სხვადასხვა კუთხით, ირაკლიმ შეიძინა გამოცდილება და მრავალმხრივი ცოდნა როგორც ელექტროენერგეტიკის, ასევე ბუნებრივი გაზისა და ეკონომიკის სხვა სექტორების შესახებ.

სემინარის ფორმატი: სემინარი ჩატარდება დისტანციურად, პლატფორმა ზუმის გამოყენებით. მსურველებს შეუძლიათ ისარგებლონ ბმულით: https://us02web.zoom.us/j/83231736568

დრო: 4 ნოემბერი, 19:00 – 20:30 საათი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები