ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში: ჯენიფერ იგანის რომანის „დაუნდობელი არამზადების სტუმრობა“ პრეზენტაცია

ღონისძიებები

11 აპრილს 19:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „არეტე“ გეპატიჟებათ ჯენიფერ იგანის რომანის „დაუნდობელი არამზადების სტუმრობა“ პრეზენტაციაზე.

წიგნს მთარგმნელი თამარ სუხიშვილი და ფილოლოგი ლევან ბერძენიშვილი წარადგენენ.

„ერთხელ ბრუკლინის წიგნის ფესტივალზე აღმოვჩნდი. მოულოდნელად ჰომეროსულმა ხარხარმა ერთი კუთხისკენ მიმახედა: ხალხს ახალგაზრდა ქალი აცინებდა და თვითონაც ვერ იკავებდა თავს. ასე გავიცანი ჯენიფერ იგანი, რომელიც თურმე, დიდი ხანია, უყვარს ამერიკას.

ჯერ „ციტადელი“ წავიკითხე, შემდეგ – „დაუნდობელი არამზადების სტუმრობა“. ეს წიგნი ”ჩაწერილია “, როგორც მუსიკალური ალბომი, მასში ერთმანეთს სიმღერებივით მიჰყვება ამბები. ცამეტი ამბავია და უამრავი პერსონაჟი. მთავარ როლს პანკ-როკი ასრულებს, რომელიც მუდმივად აღწევს გმირების ცხოვრებაში, ზოგიერთისთვის კი მოწოდებაც ხდება.

წარუმატებელი ბასისტისგან დაიბადება წარმატებული პროდუსერი, ხოლო კლეპტომანისგან – მოსიყვარულე ცოლი და დედა, ამ ორ ფიგურას ელვარე პერსონაჟების მთელი თანავარსკლავედი გაანათებს. რომანში მეფობს მუსიკა და სიყვარული, დიდება და სიღარიბე, ნარკოტიკები და ღალატი.

დაიწყებ ამ საოცარ წიგნს და ვერ მოსწყდები, მიხვდები, რომ ცხოვრება ყველას ერთნაირად არ გვექცევა, მაგრამ ყველანი ვცდილობთ, გავუძლოთ დროს და შევინარჩუნოთ საკუთარი თავის იმედი. იმასაც ჩაწვდები, რომ ცხოვრება რაღაც უფრო მეტია, ვიდრე კეთილდღეობა, მსოფლიო სახელი ან ამერიკული ოცნება.“

ლევან ბერძენიშვილი

 

დრო: 11 აპრილი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები