ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

ღია სივრცე საქართველოს საბჭოთა ისტორიის გააზრებისთვის - შეხვედრა SOVLAB-ის თავისუფალი სასწავლო-პრაქტიკული კურსის ფარგლებში

ღონისძიებები

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ (SOVLAB), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, იწყებს თავისუფალ სასწავლო-პრაქტიკულ კურსს - „ღია სივრცე საქართველოს საბჭოთა ისტორიის გააზრებისთვის“, რომელში მონაწილეობის მიღებაც შეუძლიათ მსმენელებს 18 წლის ასაკიდან.

18 მარტს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში გაიმართება პირველი საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა, რომელზეც პროექტის ხელმძღვანელები მსმენელებს გააცნობენ კურსის მიზნებსა და ამოცანებს; დაიგეგმება პრაქტიკული მეცადინეობების პრინციპები. შეხვედრის მეორე ნაწილში მომხსენებლები, დავით ჯიშკარიანი და ირაკლი ხვადაგიანი, წაიკითხავენ სალექციო კურსის პირველ ლექციას უახლესი ისტორიის შესწავლის პრობლემატიკაზე და მე-19 საუკუნის მეორე ნახევრის სოციალური და პოლიტიკური პროცესების მნიშვნელობაზე.

კურსის შესახებ

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ თავისუფალი სასწავლო-პრაქტიკული კურსის სალექციო თემები მიმოიხილავს მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 90-იან წლებამდე მიმდინარე სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებს, კერძოდ:

  • ერის ფორმირება და სამოქალაქო კულტურის განვითარება;
  • სოციალური მოძრაობები და პოლიტიკური პარტიების წარმოშობა;
  • პირველი რესპუბლიკა და საქართველოს ევროპული განვითარების პროექტი;
  • საბჭოთა ოკუპაცია და წინააღმდეგობის მოძრაობა;
  • საბჭოთა ნაციონალური პოლიტიკა;
  • ურბანიზაცია და ინდუსტრიალიზაცია;
  • ცვლილებები არქიტექტურასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში;
  • სტალინის კულტის ჩამოყალიბება და შემდგომი დესტალინიზაცია;
  • ცივი ომი და საბჭოთა „კეთილდღეობის სახელმწიფო“;
  • საბჭოთა სახელმწიფოს დასასრული და ტრანზიციის ეტაპი.

კომბინირებული, ინტერდისციპლინურ მიდგომებსა და სამეცნიერო კვლევებზე დამყარებული ინტენსიური სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 8 თვე - მარტიდან ნოემბრის ჩათვლით. მსმენელები აქტიურად იქნებიან ჩაბმული როგორც კვლევით, ასევე საველე-პრაქტიკულ სამუშაოებში. ყოველი თემატური ლექციის დასრულების შემდეგ, დაგეგმილია გასვლითი ლექციები, ისტორიული ადგილების ნახვა როგორც თბილისში, ისე საქართველოს სხვადასხვა მხარეში. 

კურსის მიმდინარეობისას სტუდენტებს საშუალება ექნებათ, მოუსმინონ მოწვეულ ლექტორებს, რომლებიც კურსის თემების სიღრმისეული კვლევის გამოცდილებას გაუზიარებენ მსმენელებს და დისკუსიაში ჩაებმებიან.

კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი. 

ლექციები ჩატარდება შაბათობით. ხანგრძლივობა - 3 საათი.
კურსი ხორციელდება სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტის (DVV International) ფინანსური მხარდაჭერით.

დრო: 18 მარტი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. #1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

ბანერები