გამოფენა „დროება“, „ივერია“ და ილიას თხზულებათა რარიტეტული გამოცემები“
ღონისძიებები
8 ნოემბერს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიეში ილიას კვირეულის „ილია: ევროპული საქართველოს პროექტი“ ფარგლებში გაიხსნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ძველ და იშვიათ გამოცემათა ფონდში დაცული ექსპონატების გამოფენა.
ექსპოზიციაზე ილიას თხზულებათა გამორჩეული კრებულების გვერდით წარმოდგენილი იქნება მწერლის სიცოცხლეში, 1869 წელს, გამოცემული სატირული მოთხრობა „კაცია, ადამიანი“ და ალექსის ბუვიეს ცნობილი რომანის „იზას“ ილიასეული თარგმანი.
დამთვალიერებელი საინტერესო ფაქტების ამოკითხვას შეძლებს გამოფენაზე წარმოდგენილი „საპოლიტიკო და სალიტერატურო“ გაზეთებიდან „დროება“ და „ივერია“, რომლებმაც ხელი შეუწყო XIX საუკუნის ქართული ჟურნალისტიკის, მწერლობისა და სალიტერატურო კრიტიკის განვითარებას. ექსპონატებს შორის იხილავთ „დროების“ ნომრებს 1880-დან 1883 წლის ჩათვლით, მათ შორის ილია ჭავჭავაძისა და სერგი მესხის თანარედაქტორობით გამოცემულ ეგზემპლარებს, ასევე 1987-1902 წლების „ივერიას“.
გამოფენა გაიხსნება 8 ნოემბერს და გაგრძელდება 15 ნოემბრის ჩათვლით.
გამოფენის გახსნა: 8 ნოემბერი, 19:00 საათი
ხანგრძლივობა: 8-15 ნოემბერი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G კორპუსის ფოიე, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2024