ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ღონისძიებები

DevOps კულტურა და ტექნოლოგიები

ღონისძიებები

13 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შეხვედრა DevOps კულტურა და ტექნოლოგიები. 

ტექნოლოგიების ეპოქაში ეფექტური კონკურენციისთვის, გამოთვლითი და მონაცემთა შესანახი რესურსების დინამიურად გამოსაყოფად და პროგრამული პროდუქტის სწრაფად შესაქმნელად აუცილებელია ავტომატიზაციის მექანიზმების ეფექტური და გონივრული გამოყენება. ამ მექანიზმების ჩართვა პროგრამული პროდუქტის შექმნისა და დანერგვის პროცესში გულისხმობს ამ პროცესის თავიდან გააზრებას, რაც ნიშნავს მიკროსერვისების არქიტექტურის კონცეფციის დანერგვას, კონტეინერიზაციის მიდგომებისა და პროგრამული პროდუქტის ავტომატიზებულად გამართვას, პროგრამული კოდის ვალიდურობის შემოწმებასა და ინტეგრაციულ ტესტირებას.

პროგრამული პროდუქტის შექმნისა და დანერგვის ამ ახალ მიდგომებსა და ხელსაწყოებზე ისაუბრებს ვაჟა ფირცხალაიშვილი. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნება ტექნიკური გადაწყვეტაც (დემო).

მომხსენებლის შესახებ:

ვაჟა ფირცხალაიშვილი საქართველოს ბანკში DevOps განყოფილების ხელმძღვანელი და DevOpsGeorgia-ს ერთ-ერთი თანადამფუძნებელია. მას აქვს 8-წლიანი გამოცდილება ლინუქსისა და OpenSource აპლიკაციების გაშვებაში, ადმინისტრირებასა და მონიტორინგში. დაინტერესებულია ავტომატიზაციით, კონტეინერებისა და მიკროსერვისების არქიტექტურითა და CD/CI (continuous integration and delivery) ტექნოლოგიებით, ასევე DevOps ის კულტურის პოულარიზაციით საქართველოში.

ორგანიზაციის შესახებ:

დევოპს ჯორჯია ახლად დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში ღია კოდის პრინციპზე დაფუძნებული ტექნოლოგიების პოპულარიზაციას, ახალი მიდგომების დანერგვას ტექნოლოგიური წინსვლისთვის ფეხის ასაწყობად, საზოგადოების ინფორმირებას ავტომატიზაციის, დევოპს და დატაოპს სიახლეებისა და კონცეფციების შესახებ.

დევოპს ჯორჯიას დამფუძნებლებმა შარშან ჩაატარეს ორდღიანი კონფერენცია (devopsgeorgia.com), რომელმაც გააერთიანა 16 სპიკერი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიებიდან, ასევე იმ ორგანიზაციებიდან, რომლებიც იყენებენ მოწინავე IT ტექნოლოგიებს. კონფერენციის დაახლოებით 1000-მდე მონაწილეს შორის უმრავლესობა ტექნოლოგიური სფეროს წარმატებული სპეციალისტი და მაღალი კლასის პროფესიონალი იყო.

დევოპს ჯორჯია ასევე მიზნად ისახავს ამ და სხვა ღონისძიებებისა და meetup-ების ჩატარებას, უპირველეს ყოვლისა, დევოპს და დატაოპს მიმართულებით, რაც ტექნოლოგიური სფეროს პროფესიონალებსა და ამ მიმართულებით დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს, შეისწავლონ და ნახონ ახალი ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები და პოტენციალი, ასევე გაეცნონ თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის, დანერგვისა და ავტომატიზაციის უახლეს კონცეფციებს.

დრო: 13 აპრილი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის ქ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 

ბანერები