ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ვორკშოპის „ევროპის წინააღმდეგობრივი აღქმები პერიფერიაში“ მონაწილეთა შერჩევა დაიწყო

ახალი ამბები

ევროკავშირის პროექტის წარმატება უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე არაერთმა გარემოებამ დააყენა ეჭვქვეშ, მათ შორის ევროზონის კრიზისმა, მიგრანტების უპრეცედენტო რაოდენობით შემოდინებამ, ბრექსიტმა, ულტრამემარჯვენე პარტიების აღზევებამ, Covid 19 პანდემიამ და უკრაინის ომმა. ზემოთ ჩამოთვლილმა ყველა მოვლენამ ევროკავშირის საწინააღმდეგო სენტიმენტები არა მხოლოდ წევრ-სახელმწიფოებში, არამედ ევროპის იმ პერიფერიულ ქვეყნებშიც გაამძაფრა, რომლებიც ჯერჯერობით არ არიან „კლუბის“ წევრები. მართალია, ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებში ღრმად ფესვგადგმული ევროსკეპტიციზმის მიზეზები კარგადაა შესწავლილი, მათში ევროკავშირის მიღმა არსებული სახელმწიფოების ან მისი ახალი წევრების აკადემიური ჩართულობა ნაკლებად აისახება.

ვორკშოპი მიზნად ისახავს „ევროპასთან“ დაპირისპირების/შეწინააღმდეგების მიზეზების კონცეპტუალიზაციასა და ემპირიულად შესწავლას. კერძოდ, იკვლევს, რამდენად მსგავსი ან განსხვავებულია ევროპის პერიფერიაში ევროკავშირთან წინააღმდეგობის დისკურსი სოციალურ-კულტურულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ, უსაფრთხოების ან იდენტობის ჭრილში. ამ თვალსაზრისით ვორკშოპზე ყურადღება გამახვილდება, როგორ რეაგირებდნენ თავიანთ შიდა დებატებში ევროპის პერიფერიაში პოლიტიკური აქტორები, მედია და საზოგადოება უკანასკნელი ორი ათწლეულის დროს არსებული კრიზისებზე, რომლებსაც ევროკავშირი ეჯახებოდა.

ვორკშოპი Erasmus + Jan Monnet Networks-ის პროექტის „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“(Linking to Europe at the Periphery, LEAP) ფარგლებში ჩატარდება 15-16 ოქტომბერს ესკიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტში (თურქეთი) და მასში მონაწილეობა შეუძლიათ სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს: მეცნიერებს, მკვლევრებს, ექსპერტებსა და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.

ვორკშოპის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს ღია უნივერსიტეტის პროფესორი საიმონ აშერვუდი ჩაატარებს სემინარს თემაზე: „How emergent national Eurosceptic movements benchmark against other countries”.

სამუშაო ენა: ინგლისური

ვორკშოპში მონაწილეობა უფასოა. ორგანიზატორები ასევე დაფარავენ მონაწილეთა განთავსების, სადილისა და ყავის შესვენებების ხარჯებს. კარიერის ადრეულ ეტაპზე მყოფი მკვლევრებისთვის შესაძლებელია სამგზავრო ხარჯების ნაწილობრივი დაფარვაც.

გთხოვთ, ვორკშოპში მონაწილეობის მსურველებმა მიმდინარე წლის 20 აგვისტოს ჩათვლით 250-სიტყვიანი აბსტრაქტი ინგლისურ ენაზე გაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: alionur.ozcelik@gmail.com

შერჩეული აბსტრაქტების ავტორებს ორგანიზატორები 25 აგვისტომდე დაუკავშირდებიან. წარმატებულმა კანდიდატებმა თავიანთი მოხსენებები სრული სახით უნდა წარადგინონ 2022 წლის 30 სექტემბრამდე.

ვორკშოპზე წარმოდგენილი მოხსენებების კომპილაცია გამოქვეყნდება მაღალი აკადემიური იმპაქტის მქონე ჟურნალის სპეციალურ გამოცემაში, რომელიც მიეძღვნება თემას: „კრიზისის დროს „ევროპასთან“ შეწინააღმდეგების მიზეზები და მამოძრავებელი ძალები პერიფერიაში“.

მონაწილეები მიიღებენ ვორკშოპზე დასწრების დამადასტურებელ სერტიფიკატებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის გთხოვთ, ესკიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტის წარმომადგენელს დაუკავშირდეთ ელფოსტაზე: alionur.ozcelik@gmail.com

2022 წელი

 

ბანერები