ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ტუტორების შესარჩევი სტუდენტური კონკურსი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული თბილისის ახალგაზრდული ცენტრი „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA] ფარგლებში იწყებს 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ტუტორიუმის პროგრამის მონაწილეთა შერჩევას.

ტუტორიუმის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი სტუდენტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და ტოლერანტული გარემოს გაძლიერება ახალგაზრდებში.

ტუტორიუმი არის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არაფორმალური განათლების პროგრამა, რომლის ფარგლებში მაღალი კურსის სტუდენტები, ტუტორები, ერთი სემესტრის განმავლობაში ეხმარებიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის არაქართულენოვან სტუდენტებს აკადემიურ, საუნივერსიტეტო თუ სამოქალაქო სივრცეში ორიენტაციასა და სხვადასხვა პრაქტიკული დავალების მომზადებაში. ტუტორობა მეგობრობაზე, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობაზე აგებული ურთიერთობაა, რომლის დროსაც სხვადასხვა ეთნიკური თუ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები უახლოვდებიან, ერთმანეთის კულტურას ეცნობიან და ყალიბდება ტოლერანტული დამოკიდებულება.

2017 წლის ოქტომბერში პროექტის ფარგლებში გაიმართება ტრენინგი შერჩეული აპლიკანტებისთვის „ტუტორების სკოლის“ პროგრამით შემდეგ თემებზე: მრავალფეროვნების მართვა, მოხალისეობის არსი, სტერეოტიპები, გუნდის მართვა. ამაღლდება ცნობადობა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების შესახებ. ტრენინგს „პარტნიორები – საქართველოს“ ტრენერები გაუძღვებიან.

ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს ტუტორიუმის პროგრამაში ჩართვით (ერთი სემესტრის განმავლობაში) მიეცემათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებისა და გაღრმავების შესაძლებლობა და, რაც ყველაზე მთავარია, შეიძენენ მეგობრებს.

შერჩევის ეტაპები:

I ეტაპი  – აპლიკაციის შევსება, სამოტივაციო წერილის დაწერა;

II ეტაპი – გასაუბრება.

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 23 სექტემბერი, 17:00 საათი.

აპლიკაციის შევსება შესაძლებელია ბმულზე: https://docs.google.com/forms/

ტუტორების სკოლის კურსდამთავრებულთათვის აუცილებელი პირობაა შემდგომში ტუტორიუმის პროგრამაში ჩართვა.

„ტუტორების სკოლა“ ხორციელდება  ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ მხარდაჭერილი საქართველოს გაეროს ასოციაციის „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ [PITA] ფინანსური თანამონაწილეობით.

ცენტრის შესახებ

თბილისის ახალგაზრდული ცენტრი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე 2013 წელს დაარსდა. ცენტრის წევრები ქართველებთან ერთად საქართველოს მოქალაქე არაქართულენოვანი სტუდენტებიც არიან. ცენტრი თავის წევრებს ეხმარება სტაჟირების დაწყებაში და მათთვის რეგულარულად გეგმავს/ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს: საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებში საინფორმაციო /გაცნობითი ხასიათის ვიზიტებს, ტრენინგებსა და ლექცია-სემინარებს.

ადგილმდებარეობა: თბილისის ახალგაზრდული ცენტრი, D106 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბანერები