ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Times Higher Education მსოფლიო უნივერსიტეტთა რეიტინგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგი აქვს

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პოზიცია Times Higher Education-ის 2023 წლის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგში (THE World University Ranking) შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესდა. უნივერსიტეტი რანჟირების 1001-1200 მონაკვეთში მოხვდა.

რეიტინგში, რომელიც მსოფლიოს 1799 ინსტიტუციის შედეგებს ასახავს, საქართველოდან მხოლოდ ორი საგანმანათლებლო-კვლევითი ინსტიტუციაა წარმოდგენილი, მათ შორის ერთ-ერთი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია, რომელსაც ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო შედეგი აქვს.

2023 წლის რანჟირებისთვის ბიბლიომეტრიული მონაცემების მიმწოდებელმა სამეცნიერო ბაზამ ელსევიერი (Elsevier) შეისწავლა და გააანალიზა 15.5 მილიონ პუბლიკაციასთან დაკავშირებული 120 მილიონზე მეტი ციტირება, რომლებიც ეფუძნება 25 000-ზე მეტი აკადემიური ჟურნალის მონაცემებს, ინდექსირებულს Scopus-ის მონაცემთა ბაზაში. რანჟირებულ სიას ასევე საფუძვლად უდევს მსოფლიო მასშტაბით 40 000 მეცნიერის გამოკითხვის შედეგები. 

Times Higher Education-ის მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგი (THE World University Ranking) წარმოებულია 13 ინდიკატორისგან, რომელთაგან თითოეული გაერთიანებულია 5 კატეგორიაში – მნიშვნელობის მიხედვით შეწონილ სვეტებში, რომლებიც, თავის მხრივ, უმაღლესი განათლების სრულყოფის ძირითად სფეროებს წარმოადგენს.

სვეტები

  • სწავლება (30%): სასწავლო გარემო
  • კვლევა (30%): მოცულობა, შემოსავალი და რეპუტაცია
  • ციტირება (30%): კვლევის გავლენა
  • ინდუსტრიისგან შემოსავალი (2.5%): ცოდნის გადაცემა
  • საერთაშორისო პერსპექტივა (International Outlook (7.5%): საერთაშორისო პერსონალი, სტუდენტები და კვლევითი თანამშრომლობა

როგორც სვეტებიდან ჩანს, რეიტინგის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კატეგორიაა (შეწონილი მნიშვნელობით 30%) „ციტირება: კვლევის გავლენა“. ამ კატეგორიით ფასდება აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მიერ შესრულებული სამეცნიერო საქმიანობის გავლენა გლობალურად მეცნიერებაზე. კვლევის გავლენის ინდიკატორი უნივერსიტეტებს აფასებს ახალი ცოდნისა და იდეების გავრცელების თვალსაზრისით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მაჩვენებელი ამ კატეგორიაში მომიჯნავე საგანმანათლებლო-კვლევით ინსტიტუციებთან მიმართებაში საკმაოდ მაღალია – 40.2 ნიშნულს შეადგენს (იხილეთ გრაფიკი).

 

 

მეთოდოლოგიის დეტალური აღწერა ხელმისაწვდომია ბმულზე: https://shorturl.at/eqvzY

2023 წელი

 

 

ბანერები