ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

Times Higher Education 2025 წლის უნივერსიტეტების რეიტინგში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ქვეყნის მასშტაბით კვლავ პირველ ადგილზეა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმატება Times Higher Education World University Rankings-ში ადასტურებს მის მყარ პოზიციას და ხედვას კვლევის ხარისხისა და ინტერნაციონალიზაციის მიმართულებით, რაც უნივერსიტეტის პრიორიტეტია.

THE World University Ranking: https://www.timeshighereducation.com/world-university-rankings/latest/world-ranking

THE-ის 2025 წლის რანჟირებისთვის ბიბლიომეტრიული მონაცემების მიმწოდებელმა სამეცნიერო ბაზამ ელსევიერმა (Elsevier) განახლებული მეთოდოლოგიით შეისწავლა და გააანალიზა Scopus-ის ბაზაში ინდექსირებული აკადემიური ჟურნალების 18 მილიონზე მეტი პუბლიკაცია და 157 მილიონზე მეტი ციტირება. 2025 წლის რანჟირებაში მოხვდა 2092 უნივერსიტეტი, წინა წელთან შედარებით 185-ით მეტი.

Times Higher Education-ის რანჟირების მეთოდოლოგიაში დიდი წილი უკავია კვლევას; კვლევითი გარემოსა და კვლევის ხარისხის შეფასება შეადგენს საერთო რეიტინგის 59%-ს. მეთოდოლოგია ეფუძნება 18 ინდიკატორს, რომლებიც 5 შეწონილ კატეგორიადაა დაყოფილი: 

  • სწავლება (29,5%) – სასწავლო გარემო;
  • კვლევითი გარემო (29%): მოცულობა, შემოსავალი და რეპუტაცია;
  • კვლევის ხარისხი (30%): ციტირება, კვლევის სიძლიერე, განსაკუთრებულობა და გავლენა;
  • ბმა ინდუსტრიასთან (4%): ინდუსტრიიდან მიღებული შემოსავალი და პატენტები;
  • საერთაშორისო პერსპექტივა (7.5%): საერთაშორისო პერსონალი, სტუდენტები და კვლევითი თანამშრომლობა.

კვლევითი გარემო და კვლევის ხარისხი ძირითადი ფაქტორებია, რომელთა მიხედვით ფასდება როგორც უნივერსიტეტის როლი სასწავლო გარემოს შექმნაში, შესაბამისად, ახალი ცოდნისა და იდეების გავრცელებაში, ასევე მისი წვლილი გლობალურად მეცნიერების განვითარებაში.

შთამბეჭდავია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრესი კვლევის ამ მნიშვნელოვან კატეგორიაში. 2022 წლის ნიშნული 34.6 2024 წლისთვის 49.6-მდე გაიზარდა (იხ. სქემა), რითაც ილიაუნი მოექცა ისეთი ცნობილი იაპონური და ავსტრიული უნივერსიტეტების გვერდით, როგორებიცაა University of Tsukuba (იაპონია) და Graz University of Technology (ავსტრია).

2022 წლიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა უნივერსიტეტის საერთაშორისო პერსპექტივის მაჩვენებელიც (International Outlook), რაც განპირობებულია საერთაშორისო პროგრამების შემუშავებითა და მხარდაჭერით. ამ ეტაპზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სწავლების სამივე საფეხურზე ახორციელებს ერთობლივ და ორმაგი ხარისხის პროგრამებს და ცნობილ ევროპულ უნივერსიტეტებთან ერთად თორმეტი მიმართულებით ანიჭებს ერთობლივ ან ორმაგ ხარისხს. ილიაუნი დიდი ძალისხმევით მუშაობს გაცვლითი პროგრამებისა და უცხოელი სტუდენტებისთვის აკრედიტებული მოკლევადიანი პროგრამების (study abroad) განვითარებაზე.

THE-ის რეიტინგში ილიაუნის საერთაშორისო პერსპექტივის 2022 წლის მაჩვენებელი წელს 48.42-იდან 52.4-მდე გაიზარდა და ამ მიმართულებით მოხვდა ცნობილი უნივერსიტეტების – ISCTE-University Institute of Lisbon (პორტუგალია) და University of Rhode Island-ის (აშშ) - გვერდით.

  

2024

ბანერები