ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

The Moon Camp Challenge 2024: ფაბლაბ ილიაუნის 3D მოდელირების გლობალური შეჯიბრება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი ფაბლაბთან ერთად მოსწავლეებისთვის იწყებს მოსამზადებელ ონლაინკურსს პროექტისთვის The Moon Camp Challenge 2024, რომელზეც შესაძლებლობა გექნებათ სრულად დაეუფლოთ პროგრამა Fusion 360-ს, 3D მოდელირების ტექნიკას და მონაწილეობა მიიღოთ საერთაშორისო პროექტში.

საგანმანათლებლო პროექტი The Moon Camp Challenge 2024 ორგანიზებულია Airbus Foundation-ისა და ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) მიერ პროგრამულ კომპანია Autodesk-თან პარტნიორობით. კონკურსი ყოველ წელს იწვევს მონაწილეებს მთელი მსოფლიოდან 3D მოდელირების გამოყენებით მთვარეზე დასახლების სამომავლო პროექტების შესაქმნელად ან მზის სისტემის გამოსაკვლევად.

Moon Camp Challenge-ისთვის შერჩეული კურსის მონაწილეები მოემზადებიან Moon Camp Pioneers კატეგორიისთვის, რომელიც განკუთვნილია 14-დან 19 წლამდე ასაკის მონაწილეებისთვის. მათ მოუწევთ როგორც ვიზუალური, ისე თეორიული პროექტის წარდგენა.

კურსის პირველი ეტაპი დაეთმობა Fusion 360 პროგრამის შესწავლას, რომელიც მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ დავალებებს. მომდევნო ეტაპზე კი ის მონაწილეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან კურსს, დაიწყებენ პროექტისთვის გუნდურად მზადებას და საბოლოო სახით წარადგენენ The Moon Camp Challenge-ს ჟიურის წინაშე.

კურსზე სწავლისას მონაწილეებს შეხება ექნებათ შემდეგ სფეროებთან: სამოქალაქო ინჟინერია, არქიტექტურა, ასტრონომია, ეკოლოგია, ბიოლოგია და სხვ., რომელთა გამოყენებით მოუწევთ მთვარეზე სიმულაციურ დასახლებათა აწყობა.

გასული წლის პროექტები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/46wcKnr

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:

  • შექმნან დიზაინი და დაიწყონ თავიანთი იდეების ობიექტებად გადაქცევა;
  • შეიმუშაონ ნებისმიერი დანიშნულების რთული მოდელები;
  • გაიგონ, როგორ გვეხმარება Fusion 360 პროტოტიპის განვითარების პროცესში;
  • იმუშაონ საკუთარ პროექტებზე და საბოლოო სახით წარადგინონ კონკურსზე.

კურსს გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრის ტრენერები, რომლებიც მოსწავლეებს კონკურსისთვის საჭირო პროგრამული მოდულების ათვისებაში დაეხმარებიან და მენტორობას გაუწევენ საერთაშორისო კონკურსისთვის პროექტების მომზადების პროცესში.

გარდა ამისა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და სტუმრები მონაწილეებს ჩაუტარებენ კონკურსთან დაკავშირებულ სხვადასხვა თემატიკის ლექციებს.

ვის შეუძლია მონაწილეობა?

14-დან 19-წლამდე ასაკის დაინტერესებულ პირებს – მოსწავლეებს, სტუდენტებს და ა.შ., რომლებსაც აქვთ გარკვეული გამოცდილება გრაფიკული დიზაინის მიმართულებით და უფრო მეტად განვითარების სურვილი.

პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია გამართული კომპიუტერი, რომლითაც შეძლებთ 3D პროგრამაში მუშაობას.

როგორ გავხდე პროექტის მონაწილე?

პროექტში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა შეავსოთ მარტივი სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2023 წლის 15 დეკემბრისა. Მონაწილეობის მსურველთ შეუძლიათ დარეგისტრირდნენ თავიდანვე როგორც გუნდურად, ისე ინდივიდუალურად. გუნდის წევრების მაქსიმალური რაოდენობა უნდა იყოს 6 კაცი.

ტრენინგები გაიმართება კვირაში ორჯერ, ორშაბათსა და ხუთშაბათს, 20:00 საათზე, დისტანციურად პროგრამა Zoom-ში.

კურსის სააპლიკაციო ფორმა: https://forms.gle/YuiXGpsbzxoyLmBc7

მონაწილეობა უფასოა.

კურსისთვის მონაწილეები სააპლიკაციო ფორმის საფუძველზე შეირჩევიან.

შერჩეულ მონაწილეებს დავუკავშირდებით არა უგვიანეს 23 დეკემბრისა მითითებულ ელფოსტაზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით: fablabtraining@iliauni.edu.ge

 2023

 

ბანერები