ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

თბილისის მწერალთა რეზიდენციას ჯერემი თაში, ერიკ ლი და მაია ჯაგი ეწვევიან

ახალი ამბები

მწერალთა სახლისა და ამერიკის საელჩოს ერთობლივი სარეზიდენციო პროგრამის Writer-in-Residence გამარჯვებულები ცნობილია. 

აშშ-ს საელჩოს დაფინანსებით მწერალთა სახლის რეზიდენციას  აშშ-ს თოისონის უნივერსიტეტის გეოგრაფიისა და გარემოს დაგეგმარების დეპარტამენტის ევრაზიული და გლობალური საკითხების მკვლევარი ჯერემი თაში ეწვევა.

ამავე პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით თბილისს კიდევ ორი ამერიკელი მკვლევარი ერიკ ლი და მაია ჯაგი ესტუმრებიან.  ერიკ ლი, მეოცე საუკუნის ისტორიის მკვლევარი, მრავალი სტატიისა და წიგნის ავტორია. მის ნაშრომებს ქართულ ენაზე გამომცემლობა ზიარი გამოსცემს. მაია ჯაგი დამოუკიდებელი ჟურნალისტი და კულტურის საკითხების მკვლევარია. 2021 წელს მისი კურატორობით გაიმართა ქართული ლიტერატურის ონლაინ ფესტივალი ინგლისურენოვანი ქვეყნებისთვის -  Georgia’s Fantastic Tavern - Where Europe Meets Asia.

სამივე მკვლევარი მწერალთა სახლის რეზიდენციაში ცხოვრების პერიოდში იმუშავებს  რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმში თავმოყრილ საარქივო მასალებსა  საბჭოთა პერიოდში რეპრესირებული ქართველი მწერლების ისტორიებზე.

რეპრესირებული მწერლების მუზეუმზე მუშაობის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია. იუნესკოს პროექტის „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ და აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით მუზეუმი დასრულებულ სახეს 2022 წლის შემოდგომაზე  მიიღებს. 

მწერალთა სახლში განთავსებული რეპრესირებული მწერლების მუზეუმი თავის თავში  საბჭოთა ტერორის მსხვერპლთა შესახებ არსებულ მეხსიერებას გააერთიანებს და აქამდე უთქმელ ისტორიებს გააცოცხლებს.  ექსპოზიცია დამთვალიერებელს წარმოდგენას  შეუქმნის პერიოდზე, კონტექსტზე და იმ მექანიზმებზე, რომლებსაც ტოტალიტარული სახელმწიფო იყენებდა „მწერლობის მოსათვინიერებლად“; მუზეუმის სტუმრები გააცნობიერებინებენ ტოტალიტარიზმის ქვეშ მცხოვრები ხელოვანების დილემასა და ტრაგედიას,  სუსტ ზღვარს კომპრომისსა და თანამშრომლობას შორის და ტერორზე დამყარებული რეჟიმის მთავარ მახასიათებელს - როცა, არავის სიცოცხლე და ხელშეუხებლობა გარანტირებული არაა, მიუხედავად მორჩილებისა, ან პირიქით - გულწრფელი თანამშრომლობისა და აქტივიზმისა.

რეპრესირებული მწერლების მუზეუმში საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიისა და მწერალთა სახლის გუნდის მიერ თავმოყრილ მასალებზე დაყრდნობით პროგრამის ავტორების მიერ შექმნილი ტექსტები და ნაშრომები  გამოქვეყნდება როგორც ქართულ, ასევე დასავლურ პრესაში. ტექსტები განთავსდება  სხვადასხვა ბეჭდურ თუ ონლაინ პლატფორმაზე ქართულ და ინგლისურ ენებზე.  

2022 წელი

 

 

ბანერები