ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სისხლის უანგარო დონაციის დღე ილიაუნიში

25 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და T კორპუსებში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღე.

აქციის ფარგლებში ორგანიზაციების „ნატალია კვანტალიანის სისხლის ცენტრალური ბანკი“ და „სიცოცხლე“ პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებით დაკომპლექტებული მობილური გუნდები მსურველებს შესთავაზებენ, უანგაროდ გაიღონ სისხლი და ამით გამოხატონ თანადგომა იმ ადამიანთა მიმართ, რომელთაც დახმარება სჭირდებათ.

სისხლის დონორი შეიძლება გახდეთ ნებისმიერი ადამიანი 18-დან 65 წლამდე, თუ:

  • კორონავირუსის გადატანიდან გასულია 2 კვირაზე მეტი
  • კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან გასულია 2 კვირაზე მეტი
  • თქვენი წონა – 50-კგ და მეტია;
  • არ გაქვთ გადატანილი ვირუსული ჰეპატიტები B და C;
  • სიფილისი, ტუბერკულოზი;
  • არ ხართ ინფიცირებული აივ ინფექციით;
  • არ გაქვთ სისხლის ან ონკოლოგიური დაავადებები;
  • არ ხართ ნარკოტიკების მომხმარებელი
  • არ გქონიათ გადატანილი ქირურგიული ოპერაცია, არ გაგიკეთებიათ ტეტანუსისა და ცოფის საწინააღმდეგო აცრა ბოლო 1 წლის განმავლობაში;
  • არ გაგიკეთებიათ ტატუ ბოლო 6 თვის განმავლობაში;
  • არ გქონიათ სხვის სისხლთან კონტაქტი;
  • ბოლო 6 თვის მანძილზე არ ყოფილხართ ორსულად;
  • დონაციის დღეს დონორი უნდა იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი – არ უნდა ჰქონდეს სიცხე, სურდო, კატარი, სხვა გრიპოზული მოვლენები.

მათ, ვინც მონაწილეობას მიიღებს საქველმოქმედო აქციაში, უფასოდ მიეწოდებათ შემდეგი კვლევის შედეგები:

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • ჯგუფი, რეზუსი, ფენოტიპი
  • B და C ჰეპატიტი, სიფილისი, ციტომეგალო და შიდსის ვირუსი

ადამიანმა, ვინც დონორობას აპირებს, უნდა იცოდეს შემდეგი:

  • სისხლის დონაცია იოლი, უსაფრთხო და უმტკივნეულო პროცესია;
  • სისხლის დონაციისას იხმარება მხოლოდ ერთჯერადი მასალა და დონორი დაცულია ინფიცირებისაგან;
  • სისხლის დონორობა აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისათვის;
  • სისხლის ჩაბარება რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში;
  • სისხლის ჩაბარების დღეს უმჯობესია, დილით მსუბუქად წაიხემსოთ და დალიოთ ტკბილი ჩაი. თავი უნდა შეიკავოთ თამბაქოსა და ანალგეტიკების მიღებისაგან;
  • სისხლის ხელმეორედ ჩაბარება შეიძლება 2 თვის შემდეგ;
  • თან იქონიოს პირადობის მოწმობის დამადასტურებელი საბუთი.

დრო: 11:00-16:00 საათი

ადგილმდებარეობა:

ნატალია კვანტალიანის სახელობის ცენტრალური ბანკი – ილიაუნის A კორპუსი. სტუდენტური სივრცე, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

სისხლის ბანკი „სიცოცხლე“ – ილიაუნის T კორპუსი, სტუდენტური სივრცე, ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5

2022 წელი

ბანერები