ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მხარდამჭერი წერილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლას

განცხადებები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს / შესაბამის მარეგულირებელ ორგანოებს

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის მხარდამჭერი განცხადება

სეულის ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საპატიო დოქტორი მოგმართავთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის უწყვეტი ფუნქციონირებისა და შემდგომი განვითარების მიმართ მტკიცე მხარდაჭერის გამოსახატავად.

ჩვენი ინსტიტუციების ხანგრძლივი აკადემიური პარტნიორობა თანამშრომლობის უმთავრესი საფუძველია. სეულის ეროვნული უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივმა აკადემიურმა კონფერენციებმა განსაკუთრებული როლი შეასრულა თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში. ეს ფორუმები იქცა მაღალი დონის პროფესიული დისკუსიების პლატფორმად ტრანსპლანტაციის ეროვნული პოლიტიკისა და შესაბამისი მარეგულირებელი ჩარჩოების ჩამოყალიბების მიმართულებით. თანამშრომლობის ფარგლებში ერთმანეთისთვის გაზიარებულმა სტრატეგიულმა ხედვამ არსებითი წვლილი შეიტანა საქართველოში ორგანოთა ტრანსპლანტაციის თანამედროვე და მდგრადი სისტემის განვითარებაში.

პოლიტიკაზე ორიენტირებული დიალოგის პარალელურად ჩვენი კლინიკური თანამშრომლობა მოიცავდა პროფესიულ სადემონსტრაციო ფორმატებს, მათ შორის ცოცხალი დონორის ღვიძლის ტრანსპლანტაციის (LDLT) რეალურ დროში განხორციელებულ ქირურგიულ სასწავლო სესიებს. ეს სესიები უზრუნველყოფდა უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და ახალგაზრდა ექიმების მონაწილეობას მოწინავე ქირურგიული ტექნიკების პრაქტიკულ ათვისებაში და ხელს უწყობდა უნივერსიტეტის კლინიკური კომპეტენციის შემდგომ გაძლიერებას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის აკადემიური პერსონალი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ქვეყანაში ცოცხალი დონორის ღვიძლის გადანერგვის სისტემის ფუნქციონირებაში. მათი აკადემიური კომპეტენცია რეალურ შედეგებში აისახება – იქნება ეს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა თუ ეროვნული მნიშვნელობის ქირურგიული მეცნიერების პროგრესი.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის საქმიანობა ემყარება აკადემიური ხარისხისა და საერთაშორისო სტანდარტებისადმი ურყევი ერთგულების პრინციპებს. მისი ფუნქციონირების შეჩერება სერიოზული დანაკარგი იქნება აკადემიური საზოგადოებისათვის და უარყოფითად აისახება საქართველოში სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სისტემურ განვითარებაზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვადასტურებ ჩემს მტკიცე მხარდაჭერას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის შესანარჩუნებლად. დარწმუნებული ვარ, მისი წვლილი სამედიცინო განათლებისა და ჯანდაცვის სისტემის განვითარებაში სათანადოდ იქნება შეფასებული.
პატივისცემით,

კვანგ ვუნგ ლი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ქირურგიის დეპარტამენტი
სეულის ეროვნული უნივერსიტეტის მედიცინის კოლეჯი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი

2026

ბანერები