ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციაზე „უკრაინა თანამედროვე პერსპექტივიდან“ განაცხადების მიღება დაიწყო

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო კონფერენციას „უკრაინა თანამედროვე პერსპექტივიდან“, რომელიც 2022 წლის 30 ივნისს ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში (Zoom-ის მეშვეობით და ადგილზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში).

რუსეთის მიმდინარე ომმა უკრაინის წინააღმდეგ და მის მიერ საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების სრულმა უგულებელყოფამ მთელი ცივილიზებული მსოფლიო შოკურ მდგომარეობაში ჩააყენა. კრემლის მიერ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული ინტეგრაციის უარყოფამ ნათელი მოჰფინა იმ მნიშვნელოვან გამოწვევებს, რომელთაც ნორმებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ეჯახება, წარმოაჩინა საერთაშორისო საზოგადოების მიერ კოორდინირებული საპასუხო რეაქციის მნიშვნელობაც. ამავდროულად, ბოლო მოვლენებმა ინტერესი გააღვივა უკრაინის, მისი ისტორიის, ეკონომიკის, პოლიტიკის, საზოგადოებისა და კულტურის მიმართ და თანამედროვე უკრაინელი ერის უკეთ გაცნობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით კონფერენციაზე ყურადღება გამახვილებული იქნება თანამედროვე უკრაინული სახელმწიფოსა და საზოგადოების სხვადასხვა ასპექტზე. კონფერენციის თემატიკა შეიძლება მოიცავდეს, მაგრამ არ არის შეზღუდული, შემდეგ თემებს:

  • უკრაინის ისტორია და კულტურა;
  • უკრაინული ენა და ლიტერატურა;
  • უკრაინის საზოგადოება;
  • რეფორმები უკრაინაში;
  • უკრაინის შიდა და საგარეო პოლიტიკა;
  • რუსეთ-უკრაინის ურთიერთობები;
  • საქართველო-უკრაინის ურთიერთობები.

ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

  • საქართველოსა და უცხოური უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებს

კონფერენციის სამუშაო ენა: ინგლისური

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა არა უგვიანეს 20 ივნისისა უნდა წარადგინონ რეზიუმე და საკონფერენციო მოხსენება ინგლისურ ენაზე.

შერჩეული მოხსენებების ავტორები არა უგვიანეს 23 ივნისისა მიიღებენ ინფორმაციას კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ.

მოხსენებები უნდა გამოიგზავნოს ინგლისურ ენაზე.

საკონფერენციო მოხსენების ტექნიკური მახასიათებლები ასეთია:

მოხსენების სიდიდე: 1200-1500 სიტყვა;

შრიფტი Sylfaen, ზომა 12, სტრიქონებს შორის დაშორება 1.5.

მოხსენება უნდა მოიცავდეს: თემის სათაურს, საკვლევ პრობლემას, მოხსენების საკითხის აკადემიურ ან/და გამოყენებითი მნიშვნელობის დემონსტრირებას, ძირითადი არგუმენტის დისკუსიასა და ანალიზს, რეკომენდაციებსა (არსებობის შემთხვევაში) და დასკვნას.

ციტირების სტილი: ჩიკაგო

კონფერენციის ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატით.

რეგისტრაცია

კონფერენციაზე რეგისტრაციისთვის გთხოვთ, მიმდინარე წლის 20 ივნისის ჩათვლით გამოგზავნოთ CV და საკონფერენციო მოხსენება ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: ana.mikautadze.1@iliauni.edu.ge

 2022 წელი

ბანერები