საერთაშორისო სადოქტორო სკოლა „ადგილობრივი უბნების მემკვიდრეობა, ურბანული ფენები, ფიზიკური გარემო და ადგილობრივი საზოგადოება პოსტსოციალისტურ/ საბჭოთა ქალაქებში”
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა 4-8 სექტემბერს უმასპინძლა სადოქტორო სკოლას „ადგილობრივი უბნების მემკვიდრეობა, ურბანული ფენები, ფიზიკური გარემო და საზოგადოება პოსტსოციალისტურ/საბჭოთა ქალაქებში“კვლევითი პროექტის „ქალაქები, შენობები, კულტურა“ ფარგლებში. მისი ინიციატორი და პროექტის ავტორია კარლსრუეს ტექნოლოგიური უნივერსიტეტი (KIT), RWTH ახენის უნივერსიტეტი და ლაიბნიცის აღმოსავლეთ ევროპის ისტორიის და კულტურის ინსტიტუტი, ლაიფციგი (GWZO).
სკოლის მიზანი იყო სხვადასხვა უბნის შესწავლა არსებული მიდგომების გამოყენებით და შრეებად არსებული მემკვიდრეობის ანალიზი, კერძოდ ურბანული მორფოლოგია, ღირებულებათა ჩამოყალიბება და აღქმა, სამოქალაქო ჩართულობა და ურბანული მმართველობა, ადგილობრივი მეხსიერება და ადგილზე მიჯაჭვულობა; ისეთი პროცესების მნიშვნელობა და გავლენა, როგორებიცაა: აღორძინება, ხელახალი განვითარება, გენტრიფიკაცია და უკანსვლა; ასევე მემკვიდრეობის დაცვის მექანიზმები, მემკვიდრეობის დაკარგვა და განადგურება. პროექტის კვლევის სფერო მოიცავს როგორც ისტორიული უბნების, ასევე უახლესი ნაგებობების – მოდერნისტული საცხოვრებელის ან მსხვილი საცხოვრებელი უბნების შესწავლას.
სადოქტორო სკოლის მსვლელობისა და ადგილობრივი ექსპერტების დისკუსიის დროს დაისვა მნიშვნელოვანი შეკითხვები: რა გავლენა იქონია ბოლო ათწლეულების ეკონომიკურმა და დემოგრაფიულმა ცვლილებებმა საცხოვრებელი უბნების არქიტექტურულ მემკვიდრეობაზე? როგორ აისახება ეს ცვლილებები ადგილობრივი მეხსიერებისა და მემკვიდრეობის ღირებულებათა ჩამოყალიბებაზე? რა რღვევის მომენტები არსებობს სამეზობლოს ცხოვრებაში და რა სახის რეაგირება მოჰყვა მათ ინსტიტუციურ და სათემო დონეზე? რა გზებით მიითვისეს ადგილობრივმა თემებმა მემკვიდრეობით მიღებული განაშენიანებული გარემო და რას გვეუბნება ეს მემკვიდრეობის ძირიდან (იდენტობიდან) შექმნის პროცესებზე? შეგვიძლია თუ არა, თუ კი – როგორ, მასობრივი საცხოვრებელი უბნები მივიჩნიოთ მემკვიდრეობად? რომელი სტრატეგია შეუწყობს ხელს მათი შენარჩუნების უფრო მდგრადი მიდგომის ჩამოყალიბებას და როგორ შეიძლება თემები უფრო მეტად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღებაში?
მემკვიდრეობა დინამიკური პროცესია, ამიტომ პროექტისა და სადოქტორო სკოლის მიზანი იყო არა მხოლოდ ერთი პერსპექტივის გაზიარება, არამედ ანალიზი სხვადასხვა სტრატეგიას შორის და გადაკვეთის წერტილების იდენტიფიცირება. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს თეორიისა და პრაქტიკის დაახლოების მცდელობა კონკრეტული შემთხვევის კვლევების გაანალიზებისას, რომელიც გვაჩვენებს, როგორ ხდება მემკვიდრეობის კონცეპტუალიზაცია, აღქმა, მასზე მოლაპარაკების წარმოება, დავა ან მისი იგნორირება საცხოვრებელ უბნებში.
2023
გალერეა