ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

საჯარო სკოლების რეგისტრაცია ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში გასაწევრიანებლად

ახალი ამბები

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში გასაწევრიანებლად საჯარო სკოლების განაცხადების მიღების მესამე ეტაპი 15 ნოემბერს დაიწყება და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ტექნოლოგიური კლუბების ქსელს ამჯერად 36 ახალი საჯარო სკოლა შეუერთდება.

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში პირველ და მეორე ეტაპზე სულ 54 სკოლა და 6 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება შეირჩა და ამ დროის განმავლობაში მოსწავლეებს ტრენინგები სხვადასხვა ტექნოლოგიური მიმართულებით ჩაუტარდათ.

პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) თანამშრომლობით.

პროექტის მიმდინარეობისას შეიქმნება კოდირებისა და ტექნიკური მეწარმეობის კლუბები საქართველოს რეგიონებში – სულ 100 სკოლასა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

პროექტი არ ითვალისწინებს სკოლების დამატებით ტექნიკურ აღჭურვას. პროექტის ფარგლებში სკოლა მიიღებს შერჩეული კლუბისთვის საჭირო სასწავლო მასალებსა და კურიკულუმს, გაივლის სპეციალურ ტრენინგს კლუბის შექმნისა და მართვისთვის, ანაზღაურდება კლუბის ხელმძღვანელი მასწავლებლისა და, საჭიროების შემთხვევაში, მიმაგრებული მენტორის მუშაობა. სასკოლო ტექნოლოგიური კლუბები მონაწილეობას მიიღებენ ტექკომპანიებთან შეხვედრებში, დასაქმების ფორუმებში, კონკურსებსა და ჰაკათონებში, რომლებიც გაიმართება ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სააგენტოს ინოვაციურ ცენტრებში.

ვის შეუძლია ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში გაწევრიანება?

შეირჩევა აჭარის, იმერეთის, კახეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელოს, შიდა ქართლის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმის სკოლები.

პროექტში მონაწილეობის მისაღებად სკოლას უნდა ჰქონდეს გამართული კომპიუტერული კლასი და ინტერნეტი. სკოლები მჭიდროდ ითანამშრომლებენ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ახლომდებარე ცენტრებთან.

როგორ უნდა გახდეს სკოლა პროექტის მონაწილე?

ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელში გასაწევრიანებლად სკოლამ უნდა შეავსოს სააპლიკაციო ფორმა არა უგვიანეს 2022 წლის 5 დეკემბრისა.

 სააპლიკაციო ფორმა - https://bit.ly/3TyyN6g

შენიშვნა: მესამე ეტაპზე შეირჩევა 36 სკოლა (პროფესიული სასწავლებლების მიღება ცალკე გამოცხადდება).

კლუბი გათვლილია 15-18 წლის მოსწავლეებისთვის.

აპლიკაციების განხილვის შემდეგ სკოლებს პასუხი ეცნობებათ მათ მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე არა უგვიანეს 2022 წლის 10 დეკემბრისა.

2022

 

ბანერები