ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

ახალი ამბები

14 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ნინო დობორჯგინიძემ პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ შემაჯამებელ ღონისძიებაზე საქართველოს დებატების ეროვნული ტურნირის საუკეთესო მომხსენებლები და გამარჯვებულები დააჯილდოვა.

პროექტს „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ახორციელებს საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი და მხარს უჭერს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი. მთავარი პარტნიორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

დებატების ეროვნულ ტურნირში თბილისისა და რეგიონების საჯარო სკოლების დებატკლუბების 700-მდე მოსწავლისგან შერჩეულმა გუნდებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირი პანდემიის შემდეგ წელს პირველად ჩატარდა პირისპირ რეჟიმში.

ტურნირის მონაწილეები პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით არსებული 60 დებატკლუბის წევრები არიან. დებატკლუბები აქტიურად ფუნქციონირებს აჭარაში, სამეგრელოში, სვანეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, ზემო აჭარაში, კახეთში, რაჭაში, იმერეთსა და თბილისში.

დებატკლუბების მასწავლებლები კი დებატკლუბების წარმატებული ხელმძღვანელები არიან. მათი სუპერვიზირებების, მონიტორინგისა და ქოუჩინგის შედეგად ნათლად ისახება პედაგოგების განვითარება და წინსვლა, რაც ასევე დადებით ზეგავლენას ახდენს მოსწავლეების წარმატებაზე, რომელიც იკვეთება პროექტის ფარგლებში ჩატარებულ კვლევაშიც.

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მიზნად ისახავს მოსწავლეებში თავისუფალი და დამოუკიდებელი მოქალაქის უნარების განვითარებას და ისეთი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების ხელშეწყობას, როგორებიცაა: კონსტრუქციული მსჯელობა, არგუმენტაცია, მასალების მოძიება, ორატორობა, გუნდურობა, დროის მართვა, ოპონენტის პატივისცემა და სხვ.

2022 წელი

ბანერები