ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

პროექტი ილიაუნი+: მიღება უნილაბის სრულად დაფინანსებულ დისტანციურ კურსებზე

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბთან ერთად აცხადებს პროექტის „ილიაუნი+“ შემოდგომის სემესტრის მონაწილეების შესარჩევ კონკურსს.

პროექტი განკუთვნილია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულთათვის.

კონკურსის წესით შერჩეული სტუდენტები მიიღებენ უნივერსიტეტის სრულ დაფინანსებას და გაივლიან ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის კურსებიდან ერთ-ერთს.

კურსების ჩამონათვალი:  


 პროექტის ხანგრძლივობა და ეტაპები

თითოეული კურსის ხანგრძლივობაა 3 თვე.

პროექტი ტრადიციულად ორ ეტაპად განხორციელდება – (1) პრაქტიკული კურსები სტუდენტებისთვის და (2) რეალურ პროექტზე მუშაობა.

პირველი ეტაპი

2 თვის განმავლობაში თეორიული სწავლება – მონაწილეები გადიან სილაბუსით გათვალისწინებულ სასწავლო თემებს და ასრულებენ პრაქტიკულ დავალებებს.  

სილაბუსით გათვალისწინებული სალექციო შეხვედრები გაიმართება კვირაში 2-ჯერ, საღამოს საათებში, და მათი ხანგრძლივობა იქნება 2 საათი. სულ 16 სალექციო შეხვედრა დისტანციურ ფორმატში. 

კურსის დასასრულს თითოეული სტუდენტი შეასრულებს ფინალურ პროექტს. პროექტის წარმატებით შესრულების შემთხვევაში კი გადავა მეორე ეტაპზე.

მეორე ეტაპი

პროექტის მეორე ეტაპი გულისხმობს კურსის ფარგლებში შეძენილ ცოდნაზე დაყრდნობით რეალური პროექტის განხორციელებას. 

მეორე ეტაპზე გადასული მონაწილეები შექმნიან და განახორციელებენ რეალურ პროექტებს.

პროექტი შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს შემდეგ კატეგორიებში:

  • ვებპროექტი
  • ციფრული კამპანია
  • ვებგვერდი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საუკეთესო პროექტების ავტორებს გადასცემს სასტიპენდიო ვაუჩერს და მხარს დაუჭერს შერჩეული პროექტების შემდგომ განვითარებას.


ვის შეუძლია პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა შეუძლია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე ნებისმიერი მიმართულების სტუდენტს და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს.  

ვინ მასწავლის?

ციფრული კომუნიკაციები: მარი მიხანაშვილი, ქეთო ახვლედიანი

  • მარი მიხანაშვილი – სარეკლამო სააგენტო Saatchi & Saatchi-ის კონტენტკრეატორი. 2021 წლიდან ეკავა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის მარკეტინგისა და კომუნიკაციების სპეციალისტის პოზიცია. იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ა(ა)იპ საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის პროექტის, „კომპიუტერული უნარ-ჩვევები საბაზისო კურსებისათვის“ ლექტორი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია კურსისთვის: სოციალური მედიამარკეტინგი.
  • ქეთო ახვლედიანი – კრეატიული სააგენტო Leavingstone-ის Senior Advertiser-ი. 2020 წლიდან დღემდე ჯეოლაბისა (GeoLab) და უნილაბის (UniLab) ლექტორია სოციალურ მედიამენეჯმენტსა და ციფრულ მარკეტინგში რეკლამის მიმართულებით. 2020 წლიდან კი – Google Ads, Google Analytics, Facebook Ads სერტიფიცირებული ციფრული მარკეტერი.

ნარატივდიზაინი: მარიამ გოჩიაშვილი – ნარატივდიზაინერი და პროექტების მენეჯერი. ნარატივდიზაინის პროგრამის ხელმძღვანელია უნილაბში, უფროსი ნარატივდიზაინერი – ანიმა ჩეთბოტიქსსა და განათლების სამინისტროში. ამჟამად დასაქმებულია ინტერნეტ ჟურნალ Marketer-ში.

გრაფიკული დიზაინი: მარიშა არაბული – მულტიმედია დიზაინერი. დამთავრებული აქვს სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის მულტიმედიის ფაკულტეტი. ადობეს სერტიფიცირებული წევრია. გრაფიკულ დიზაინერად მუშაობს განათლების სამინისტროში.

Front-End: გრიგორი ხუნდაძე, ლუკა ბლიაძე.

  • გრიგორი ხუნდაძე – Front-End დეველოპერი. 2020 წელს გაიარა HTML5, CSS3-ის კურსი ჯეოლაბში, 2021 წელს – javascript (Angular 2+)-ის კურსი. ამავე წელს მუშაობდა კომპანია „სტარს საქართველოში“ Front-End დეველოპერად. გავლილი აქვს უნილაბის სტაჟირების პროგრამა. მუშაობს სხვადასხვა პროექტზე ფრილანსერად.
  • ლუკა ბლიაძე – Front-End დეველოპერი. სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში Computer engineering-ის მიმართულებით. პროგრამირების შესწავლა დაიწყო 2019 წელს, 2020 წელს გაიარა Front-end-ის კურსი და სტაჟირების პროგრამა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბში. არის React.js, Typescript Enthusiast. მუშაობს სხვადასხვა პროექტზე ფრილანსერად.

Python: დავით ჭინჭარაშვილი – Full stack დეველოპერი 9-წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ძირითადი პროგრამული ენები: Python, PHP და JavaScript. ამჟამად მუშაობს თბილისის სახელმწიფო არქივში ვებდეველოპერად.

Wordpress: რევი ყურაშვილი – WordPress დეველოპერი. 15 წლისა საიტების აწყობით დაინტერესდა და DLE-ს (DataLife Engine) და Joomla-ს გამოყენებით საიტების აწყობა დაიწყო. ამ დროიდან იწყებს IT სფეროს დამოუკიდებლად შესწავლას. დღეს ძირითადად ფრილანსერად მუშაობს.

ICT პროექტების მართვა: ლალუ ჯიქიძე – ICT პროექტის მართვის კურსის ლექტორი და პროექტების მენეჯერი. 2021 წლიდან პროექტებისა და გუნდებს შორის კოორდინაციის მენეჯერია Unilab-ში. სხვადასხვა დროს კერძო კომპანიებში მარკეტინგის მენეჯერად მუშაობდა; ლექციებს კითხულობდა სხვადასხვა კერძო სასწავლებელსა და უნივერსიტეტში. ატარებს ტრენინგებს კერძო კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

PHP: სოფო ქემაშვილი – უნილაბის PHP პროგრამირების კურსის ლექტორი და ამავე მიმართულების ხელმძღვანელი. 2014-2016 წლებში მუშაობდა დიზაინის კომპანია „ქონექთში“ ვებტესტერად და კონტენტმენეჯერად. 2016 წლიდან დაიწყო php, mysql, laravel framework-ის გარჩევა და მუშაობს ფრილანსერად უმეტესწილად „სტუდიო 110-თან” ერთად.

როგორ მივიღო პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობისთვის საჭიროა 2023 წლის 6 იანვრის ჩათვლით შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და შეასრულოთ ფორმაში მოცემული სატესტო დავალება. დავალების წარმატებით შესრულების შემდეგ კანდიდატები გაივლიან მომდევნო შესარჩევ ეტაპებს. შერჩეული კანდიდატებისთვის კურსის ღირებულებას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი სრულად დააფინანსებს.


კურსების სააპლიკაციო ფორმები

სასურველ მიმართულებაზე სარეგისტრაციოდ აირჩიეთ თქვენთვის საინტერესო ერთი მიმართულება და შეავსეთ შემდეგი სააპლიკაციო ფორმა: https://bit.ly/3WnQlVc


რატომ უნდა მივიღო პროექტში მონაწილეობა?

პროექტში მონაწილეობა გაძლევს შესაძლებლობას:

  • პროექტში მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენო რეალური პროექტის განხორციელებისთვის;
  • დაეუფლო მომავლის პროფესიას, რომელიც დაგეხმარება გახდე ფრილანსერი ან დასაქმდე რომელიმე კომპანიაში;
  • მოიპოვო სტიპენდია ან პროექტის მხარდაჭერა.

პროექტის ილიაუნი+ შესახებ 

პროექტი „ილიაუნი+“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტების კარიერული განვითარების ხელშესაწყობად 2015 წლიდან საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივითა და სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტთან თანამშრომლობით ხორციელდება.

საწყის ეტაპზე პროექტი ილიაუნის სტუდენტებს სთავაზობდა არაანაზღაურებადი სტაჟირების ფორმატში სამუშაო გამოცდილებისა და ცოდნის დაგროვების შესაძლებლობას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში სამსახურის თანამშრომლების ჩართულობით ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა: ციფრული კომუნიკაციები, ღონისძიებების მენეჯმენტი, მარკეტინგული აქტივობები და სხვ. პროექტის საუკეთესო მონაწილენი კი ამავე სამსახურში გადიოდნენ 6-თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას.

2019 წლის შემოდგომის სემესტრში პროექტი შეცვლილი კონცეფციითა და ევექსთან თანამშრომლობით განხორციელდა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, მოეპოვებინათ დაფინანსება და პრაქტიკოსი ლექტორებისგან 3-თვიანი პრაქტიკული კურსების ფორმატში ინტერესების შესაბამისად დაუფლებოდნენ შემდეგ თანამედროვე მიმართულებებს: გრაფიკული დიზაინი, Front-end პროგრამირება, ვორდპრეს დეველოპმენტი, ციფრული მარკეტინგი.

სწავლების ნაწილის დასრულების შემდეგ კი ემუშავათ რეალურ პროექტებზე. საუკეთესო პროექტების ავტორები სასტიპენდიო ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ.

2020 წლიდან, მას შემდეგ, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა დააფუძნა კიბერლაბორატორია უნილაბი, პროექტი ყოველსემესტრულად ხორციელდება უნილაბის პრაქტიკოსი მენტორების მონაწილეობით და ილიაუნის სტუდენტებისთვის შეთავაზებული კურსების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

2021 წლის შემოდგომის სემესტრში ასარჩევი პრაქტიკული კურსების რაოდენობა ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბმა 8-მდე გაზარდა (ციფრული კომუნიკაციები, ნარატივ დიზაინის პრაქტიკული კურსი, გრაფიკული დიზაინი, Front-end (html, css) და UX დიზაინის საწყისები, პითონ დეველოპმენტი, ვორდპრეს დეველოპმენტი, ICT პროექტების მართვა). პროექტში ჩართვის შესაძლებლობა ილიაუნის აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტებთან ერთად უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებსაც ექნებათ.

2015 წლიდან დღემდე პროექტს 600-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს.

დამატებითი ინფორმაციისთვის 

  • infounilab@iliauni.edu.ge
  • https://www.facebook.com/UniLabEdu
  • https://unilab.iliauni.edu.ge

 2022 წელი

ბანერები