ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მომავალ ფიზიკოსთა მეექვსე ფესტივალი ილიაუნიში

ახალი ამბები

2013 წლიდან თეორიული ფიზიკის ინსტიტუტი ატარებს მომავალ ფიზიკოსთა ფესტივალს – სამეცნიერო-შემეცნებით კონფერენციას – უფროსკლასელებისა და ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის. 2018 წლის 29 დეკემბერს ფესტივალი მეექვსედ გაიმართა.

ფესტივალის მიზანია ფიზიკით დაინტერესებული ცნობისმოყვარე ახალგაზრდების, მომავალ ფიზიკოსთა, აღმოჩენა, წახალისება, დამოუკიდებელი კვლევა-ძიების ინტერესის გაღვივება, შემოქმედებითი პოტენციალის გაძლიერება და რეალიზაცია.

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლიათ საშუალო სკოლის VIII-XII კლასელებსა და ბაკალავრიატის I-IV კურსის სტუდენტებს. მათ უნდა წარმოადგინონ ფიზიკასთან დაკავშირებული ნებისმიერი ნაშრომი, რომელიც ან ახალია, ან წარმოდგენილი იყო ამა თუ იმ სასკოლო თუ საუნივერსიტეტო კონფერენციაზე.

ფესტივალის მთავარი პრიზი (გრანპრი) ატარებს აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული ქართველი ფიზიკოსის, ირაკლი ქიმერიძის (1964-1993), სახელს. პრიზი შედგება ორი ნაწილისგან: ორგანიზატორთა მიერ შეძენილი ჯილდო (Lenovo Tab 3 10.1" Android Tablet) და ირაკლი ქიმერიძის ოჯახის მიერ დაწესებული ფულადი პრემია – 1000 ლარის ოდენობით.

წელს მთავარი პრიზის მფლობელი გახდა თავისუფალი უნივერსიტეტის მეოთხე კურსისი სტუდენტი გიორგი წერეთელი.
ფინალური ეტაპის ყველა მონაწილე ჯილდოვდება სამახსოვრო პრიზებითა და დიპლომებით. გარდა ამისა, გაიცემა სპეციალური პრიზები ნომინაციებით.

ეს პრიზები წელს მიიღეს:

  • ყველაზე ორიგინალური ნაშრომისთვის – ნათია ფორჩხიძემ (ილია სახელმწიფო უნივერსიტეტი);
  • ყველაზე შინაარსიანი ნაშრომისთვის (მამუკა კაჭკაჭიშვილის სახელობის პრიზი) – გიორგი არსენაძემ (თავისუფალი უნივერსიტეტი);
  • ყველაზე ეფექტური პრეზენტაციისთვის – ზურაბ უგულავამ (კომაროვის სახ. ფიზიკა-მათემატიკური სკოლა);
  • სკოლის მოსწავლის საუკეთესო ნაშრომისთვის – ლაზარე ოსმანოვმა (ვეკუას სახ. ფიზიკა-მათემატიკური სკოლა);
  • ფესტივალის მონაწილეთა პრიზი გადაეცა ბექა ბზეკალავას (კომაროვის სახ. ფიზიკა-მათემატიკური სკოლა).

ყველა ამ პრიზს, გარდა უკანასკნელისა, ანიჭებს ჟიური.

ფესტივალის მონაწილეთა პრიზი კი ენიჭება იმ მონაწილეს, რომელიც დააგროვებს თავად მონაწილეთა მიერ დაწერილ ყველაზე მაღალ ჯამურ ქულას.

პირველად ფესტივალის ისტორიაში წელს ფესტივალში მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა რაიონის საჯარო სკოლების ოთხი მოსწავლე.

მომავალ ფიზიკოსთა ფესტივალის საპრიზო ფონდი მთლიანად მისი დამაარსებლების, პროფესორების – ზურაბ თავართქილაძის, გია მაჩაბლისა და ანდრია როგავას – პირადი შემოწირულობებით დგება.

ირაკლი ქიმერიძის ოჯახი ფესტივალის მთავარი პრიზის მფლობელს, თავის მხრივ, ყოველწლიურად გადასცემს ოჯახის დაწესებულ ფულად პრემიას. გარდა ამისა, ოჯახმა წელს ითხოვა, რომ ერთ-ერთი ნომინაციური პრიზი ასევე სახელობითი გამხდარიყო – ირაკლი ქიმერიძის თანამებრძოლის, კიდევ ერთი ახალგაზრდა ფიზიკოსის, იმავე ბრძოლაში 1993 წ., 1-ლი ივნისი) გმირულად დაღუპული მამუკა კაჭკაჭიშვილის სახელობის ყოფილიყო. ფესტივალის ორგანიზატორებმა ეს მოსაზრება გაიზიარეს და წელს ყველაზე შინაარსიანი ნაშრომის ნომინაციაში გამარჯვებულმა ფესტივალის პრიზთან ერთად ირაკლი ქიმერიძის ოჯახის მიერ დაწესებული ფულადი პრემიაც მიიღო.

დამატებითი ინფორმაცია ფესტივალის ექვსწლიან ისტორიაზე, მის გამარჯვებულებსა და მონაწილეებზე შეგიძლიათ იხილოთ ფესტივალის გვერდზე: https://www.facebook.com/futurephysfest/

 

ბანერები