ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

მეგრულის ლინგვისტური ანალიზი

17 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ცენტრის და ქართველურ ენათა კვლევითი ჯგუფის ერთობლივი ნამუშევრის - "მეგრულის ლინგვისტური ანალიზი" პრეზენტაცია.

ამ პროექტზე მუშაობა ქართველური ენების კვლევის ჯგუფმა, პროფესორ გურამ კარტოზიას ხელმძღვანელობით, დაიწყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2006 წლიდან. აღნიშნული პროექტი ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით წარმატებით განხორციელდა და შედეგად, 2010 წლის ბოლოს გამოიცა ამავე სახელწოდების 700-გვერდიანი მონოგრაფია.
 
ნაშრომში მოცემულია როგორც გამოცემული მეგრული ტექსტების, ასევე ლინგვისტური ექსპედიციების დროს მოპოვებული მასალის ანალიზი. მასალას დართული აქვს გამოჩენილ ქართველ და უცხოელ მეცნიერთა (ოთარ ქაჯაია, იზაბელა ქობალავა, ზურაბ ჭუმბურიძე, ვინფრიდ ბოედერი, ჰაინც ფენრიხი, ქევინ თუითი, მანანა თანდაშვილი, იოსტ გიპერტი) შეფასებები. 
 
ექსპედიციების შედეგად დაგროვდა თემატურად და ჟანრობრივად მრავალფეროვანი მასალა, რომლის შევსება გაგრძელდა მეორე პროექტის - „მეგრული ტექსტების ელექტრონული კორპუსი“ - ფარგლებში და დასრულდება მიმდინარე წლის ბოლოს. ეს არის სისტემატიზებული ბაზა, რომელიც მუშავდება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებით და გათვალისწინებულია ფართო შესაძლებლობების მქონე ლინგვისტურ კორპუსში ჩასართავად.

ბანერები