ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის პირველი სამწლიანი ფაზა დასკვნით ეტაპზე გადადის

ახალი ამბები

კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) პროექტის პირველი სამწლიანი ფაზა დასკვნით ეტაპს მიუახლოვდა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში CaBOL-ის პროექტის მკვლევრებმა შეძლეს ათასობით მცენარისა თუ ცხოველის ორგანიზმიდან დნმ-ის გამოყოფა, მათი სახეობის დონეზე იდენტიფიცირება და შექმნეს გენეტიკური ბიბლიოთეკა.

პროექტი დაიწყო 2020 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კოორდინირებითა და გერმანიის განათლებისა და კვლევების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოს, სომხეთისა და გერმანიის შვიდი კვლევითი დაწესებულების მონაწილეობით. მისი მიზანი 3 წლის განმავლობაში 50 000 განსხვავებული სახეობის ცხოველისა და მცენარის გენეტიკური აღწერა და კავკასიის მრავალფეროვნების გენეტიკური ბიბლიოთეკის შექმნა იყო.

დასკვნით ეტაპთან დაკავშირებით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ესტუმრნენ და უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ ნინო დობორჯგინიძესთან პროექტის პირველი ეტაპის შემაჯამებელ შეხვედრაზე გერმანიის ფედერაციის სხვადასხვა ინსტიტუციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს პროექტის გეგმებზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ:

  • გაბრიელ ჰერმანი, საქართველოსთან კოოპერაციის განყოფილების უფროსი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლებისა და კვლევის სამინისტროში (BMBF);
  • ოლივერ პიპერი, პოლიტიკური მრჩეველი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის განათლებისა და კვლევის სამინისტროს წარმომადგენელი (BMBF);
  • იორნ გრუნევალდი, პროექტების მართვის სააგენტო, გერმანიის ავიაციურ-კოსმოსური ცენტრის წარმომადგენელი (DLR – German Aerospace Center/Deutsches Zentrum für Luft- und Raumfahrt);
  • მეჰთილდ კულარ - გერმანიის კვლევების ფონდის წარმომადგენელი (DFG);
  • ნილს ჰაინი, კავკასიის სიცოცხლის ბარკოდირების (CaBOL) რეგიონული კოორდინატორი.

დელეგაციის წევრებმა მოინახულეს CaBOL-ის მთავარი სამუშაო სივრცე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განახლებული გენეტიკური ლაბორატორია, რომელიც პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა და გუნდის წევრებს შეუძლიათ სინჯების ინტენსიური დამუშავება. სტუმრებმა ასევე დაათვალიერეს პროექტის ფარგლებში განახლებული ენტომოლოგიური ლაბორატორია. გაესაუბრნენ CaBOL-ის პროექტის ფარგლებში გადამზადებულ ილიაუნის თანამშრომლებს – სხვადასხვა საფეხურის კურსდამთავრებულებსა და მოქმედ სტუდენტებს.

ვიზიტი ასევე ითვალისწინებდა პრაქტიკულ კომპონენტს - საველე გასვლას, რომლის მიზანი იყო CaBOL-ის თანამშრომლების საველე ექსპერტიზა და სინჯის შეგროვების სხვადასხვა ტექნიკის დემონსტრირება.

2022 წელი

ბანერები