ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ინგლისურენოვანი საზაფხულო სკოლა „უსაფრთხოების პერსპექტივები ევრაზიის რეგიონულ კონტექსტში“

ახალი ამბები

2018 წლის 8-14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტისა და კაროლინას უნივერსიტეტის (აშშ) ორგანიზებით ილიაუნის სტეფანწმინდის ბაზაზე გაიმართება საზაფხულო სკოლა „უსაფრთხოების პერსპექტივები ევრაზიის რეგიონულ კონტექსტში“.

სკოლის ფარგლებში ამერიკელი და ქართველი პროფესორები სტუდენტებს გააცნობენ უსაფრთხოების კვლევების თეორიულ და მეთოდოლოგიურ პერსპექტივებს, ასევე ევრაზიის რეგიონის უსაფრთხოების კონტექსტს და გლობალური და რეგიონული აქტორების პოლიტიკას რეგიონთან მიმართებაში. თეორიული კომპონენტის გარდა პროგრამით გათვალისწინებულია პრაქტიკული აქტივობებიც, მათ შორის ჯგუფებში მუშაობა და ტრენინგი მოლაპარაკებების ხელოვნებაში. სტუდენტები ეწვევიან რუსეთის მიერ ოკუპირებული სამაჩაბლოს რეგიონის საოკუპაციო ხაზს, წეროვანის დევნილთა დასახლებებს, თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს და უშუალოდ გადაწყვეტილების მიმღებ პირთაგან შეძლებენ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე სახელმწიფოს პოლიტიკის შესახებ ინფორმაციის მიღებას.

სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე ამერიკელი სტუდენტები.

სკოლის ჩატარების თარიღი: 8-14 ივნისი

ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტეფანწმინდის ბაზა

სამუშაო ენა: ინგლისური

სკოლის ყველა მონაწილეს გადაეცემა მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი.

სკოლასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს (ტრანსპორტირება, განთავსება, კვება) დაფარავს საორგანიზაციო კომიტეტი.

სკოლაში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს, რომლებიც დაინტერესებულები არიან უსაფრთხოების კვლევების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესწავლით.

ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 12

სკოლაში მონაწილეობის მისაღებად გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი CV და სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე) შემდეგი ელფოსტის მისამართზე: arts_sciences@iliauni.edu.ge; გთხოვთ, წერილის სათაურის ველში მიუთითოთ „სტეფანწმინდის საზაფხულო სკოლა“.

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 მაისი (18:00 საათი)

სკოლის მონაწილეების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად:

  • განაცხადების გადარჩევა;
  • გასაუბრება

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ ელფოსტაზე: arts_sciences@iliauni.edu.ge

ბანერები