ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის მედიცინის სკოლა – სწავლებისა და კვლევის თანამედროვე სივრცე

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულება შეიქმნა უნივერსიტეტის დაარსების დღიდან ჩამოყალიბებული ძლიერი საბუნებისმეტყველო სამეცნიერო ბაზების საფუძველზე. 2010 წლიდან, როდესაც მედიცინის სადოქტორო პროგრამამ დაიწყო ფუნქციონირება, ილიაუნი უკვე ითვლებოდა რეგიონულ ლიდერად ბიომოლეკულურ, ნეიროფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ კვლევებში – სწორედ ეს დაედო საფუძვლად მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნას.

ბოლო 5 წლის Scopus-ში ინდექსირებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ილიაუნი მედიცინის, ბიომედიცინის, ასევე ჯანმრთელობის მეცნიერებების მიმართულებით საქართველოში გამორჩეულია ყველაზე მაღალი კვლევითი ეფექტიანობით, რაც გამოიხატება გამოქვეყნებულ ნაშრომთა რაოდენობითა და ხარისხით. ეს ნიშნავს, რომ ილიაუნის მედიცინის სკოლის სტუდენტს საქართველოში ყველაზე დიდი შესაძლებლობა აქვს, ისწავლოს ლექტორებთან, რომლებიც თავად ქმნიან  მტკიცებულებებზე დაფუძნებულ ახალ ცოდნას.

ილიაუნის მედიცინის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს თანამედროვე სამედიცინო სწავლების საერთაშორისო სტანდარტებს, გამოირჩევა რამდენიმე უნიკალური მახასიათებლით:

  • ფუნდამენტურ მეცნიერებათა ღრმა ინტეგრაცია – სწავლების პროცესში ჩართულია ბიოფიზიკის, ეკოლოგიის, ქიმიური ბიოლოგიის, ძილ-ღვიძილის შემსწავლელი, მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ინსტიტუტები ინტელექტუალური და ინფრასტრუქტურული (ლაბორატორიული) რესურსით.
  • კვლევა, სავალდებულო კომპონენტი – სტუდენტები არა მხოლოდ სწავლობენ კვლევის მეთოდებს, არამედ თავად უძღვებიან კვლევებს და აქვეყნებენ მაღალი ხარისხის ნაშრომებს.
  • ტექნოლოგიური ინოვაცია – პროგრამის ფარგლებში განვითარდა და ვიყენებთ ისეთ უნიკალურ რესურსებს, როგორებიცაა: კლინიკური გამოცდის ციფრული პლატფორმა, ელექტრონული პორტფოლიო, სწავლების მონიტორინგის სისტემა. საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს კურიკულუმის დიგიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტის ინტეგრაცია სასწავლო პროცესში.
  • საერთაშორისო პარტნიორობა – სტუდენტებს შეუძლიათ გაცვლითი პროგრამით ისწავლონ ჰალეს, სეულის, გენტის, ჰელსინკის, ტურკუს და სხვა უნივერსიტეტებში. პროგრამა მათ შესაძლებლობას აძლევს, კლინიკური სტაჟირება გაიარონ ევროპის წამყვან საუნივერსიტეტო კლინიკებში.

მედიცინის სკოლა სხვადასხვა სამეცნიერო და საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო პარტნიორებთან, როგორებიცაა:

ჰარვარდის სამედიცინო სკოლა, ბეთ ისრაელის სამედიცინო ცენტრი (პროექტის მხარდაჭერით ილიაუნში დაფუძნდა ონკოლოგიური პაციენტების ბიობანკი);

ოსტრავის უნივერსიტეტი, ჰემატოონკოლოგიის ცენტრი (პარტნიორობა ბიობანკის ფარგლებში);

ჟენევის უნივერსიტეტი, უჯრედული ტრანსპლანტაციის ცენტრი (ერთობლივი გაცვლითი და საგრანტო პროექტები ხორციელდება პანკრეასის კუნძულების ტრანსპლანტაციის მიმართულებით);

ჰალეს საუნივერსიტეტო კლინიკა და პანკრეასის კვლევის ცენტრი (ფუნქციონირებს სასწავლო და კვლევითი გაცვლითი პროგრამა, გვაქვს შეთანხმება ორმაგი ხარისხის გაცემაზე, ხორციელდება პანკრეასის კიბოს კვლევითი პროექტები);

სეულის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლა და საუნივერსიტეტო კლინიკა (სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, ერთობლივი სამეცნიერო კვლევები ღვიძლის ტრანსპლანტაციის მიმართულებით);

მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო კლინიკა (ერთობლივი კლინიკურ-საგანმანათლებლო პროექტები ზოგადი ქირურგიის მიმართულებით);

გარდა ამისა, რიგის ტექნიკური, დუბლინის, მინოსა და ნორვეგიის სამხრეთ-აღმოსავლეთის უნივერსიტეტების მხარდაჭერით სხვა რეგიონულ პარტნიორებთან ერთად ჩართული ვართ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტებში და ვმუშაობთ მედიცინის სასწავლო კურიკულუმის თანამედროვე ციფრულ ტრანსფორმაციასა და კვლევისა და ინოვაციების განვითარებაზე.

უკანასკნელ წლებში კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მხარდაჭერით ილიაუნის მედიცინის სკოლამ წარმატებით განახორციელა სასწავლო პროგრამების განვითარებაზე ორიენტირებული მასშტაბური პროექტები: „ინოვაცია და ტექნოლოგია მედიცინაში“ და „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის პროგრამის გაუქმება, გარდა იმისა, რომ შეზღუდავს ინოვაციურ კვლევებს, მოსპობს განვითარებისთვის მნიშვნელოვან კონკურენტულ გარემოს, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის, როგორც საერთაშორისო სამედიცინო განათლების მიმწოდებლის, რეპუტაციაზე.

2026

 

ბანერები