ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიაუნის ბიზნესის სკოლის ბიზნესიდეების კონკურსის გამარჯვებულები

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით გლობალური მეწარმეობის კვირეულის ფარგლებში ბიზნესის სკოლის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის ბიზნესიდეების კონკურსი გაიმართა.

კონკურსის პირობის თანახმად, წარმატებული მონაწილეები 2018 წლის ზაფხულში სრული დაფინანსებით გაემგზავრებიან მასარაკის (ბრნო, ჩეხეთი) ან მინიოს უნივერსიტეტში (გიმერესი, პორტუგალია) და ერთკვირიან ტრენინგს დაესწრებიან, სადაც შეძლებენ საკუთარი ბიზნესიდეის დახვეწასა და ბიზნესგეგმის შემუშავებას.

20-დან ჟიურიმ 8 იდეა შეარჩია.

მყუდრო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტ სოფო თაბაგარის იდეაა, რომლის შემუშავებაშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კიდევ 3 სტუდენტი – ელენე ხარიტონაშვილი, თამთა თათარაშვილი და ლიკა თოფურია – მონაწილეობდა.

ბიზნესიდეა გულისხმობს ისეთი სალაშქრო ზურგჩანთის შექმნას (შეკერვას), რომელიც იქნება ფუნქციურად დატვირთული, კერძოდ, გარდა იმისა, რომ ჩანთაში შესაძლებელი იქნება მოლაშქრისთვის საჭირო ყველა ნივთის კომპაქტურად მოთავსება და მარტივად გადაკეთდება კარვად. მოლაშქრეს აღარ მოუწევს კარვისა და ბარგის ცალ-ცალკე ტარება, თან ზურგჩანთა, მიუხედავად მისი მულტიფუნქციურობისა, მოსახერხებელი ზომის იქნება. ასევე ჩანთას გარედან დაუმაგრდება მზის ბატარეებიანი პანელი, რომელიც მოლაშქრეს საშუალებას მისცემს, მგზავრობისას მზის სინათლით დაგროვებული ენერგია საჭიროებისამებრ გამოიყენოს ისეთ ადგილებში, სადაც ენერგიის არანაირი წყარო არ არის.

ღუნღულა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტის ლილიკო ოსეფაშვილის ბიზნესიდეაა, რომლის შემუშავებაშიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის კიდევ 2 სტუდენტი – ლაშა დალაქიშვილი და ქეთი ფალავანდიშვილი – იყო ჩართული. ღუნღულა ელექტროპუფია, რომელიც ელექტროენერგიასთან მიერთებისას თბება. მუშაობს კვების ბლოკის ენერგიაზეც. ღუნღულა საინტერესო პროდუქტი იქნება გარე კაფეებისთვის, კემპინგის ლოკაციებისთვის, ასევე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც შინ ცენტრალური გათბობის სისტემა არ აქვს.

ეს To ეს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტ ნათია ჯაშის ბიზნესიდეაა, რომლის შემუშავებაში ილიაუნის ბიზნესის სკოლის კიდევ 2 სტუდენტი – ეკატერინე ბურდული და თამარ ჭიკაძე – იყო ჩართული. ეს To ეს აპლიკაცია გვეხმარება ჩავიცვათ მარტივად, მოდურად და ამინდის შესაბამისად. ბაზაში შეგვყავს ჩვენი ფოტო და მონაცემები, ფოტოებს ვუღებთ ჩვენს გარდერობში არსებულ ტანსაცმელს. ყოველ დილით აპლიკაცია 3 შესაძლო ვარიანტს გვთავაზობს, თუ რა უნდა ჩავიცვათ ამინდის შესაბამისად. შეგვიძლია, ტანსაცმელი ჩვენი სურვილის შესაბამისად მოვირგოთ და ვნახოთ, რას რა ტანსაცმელი თუ აქსესუარი მოუხდება.

Fluffy ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მე-4 კურსის სტუდენტ ირაკლი კოტიაშვილის ბიზნესიდეაა. Fluffy აპლიკაციაა, რომლის მიზანია საქართველოში შინაური ცხოველების მოვლის სტანდარტების დანერგვა; შინაური ცხოველებისა და მათი პატრონებისთვის მაქსიმალურად მარტივი და გამოსაყენებელი პლატფორმის შექმნა.

სახლის გარკვეული დროით დატოვებისას ადამიანებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს შინაური ცხოველის მზრუნველი ადამიანისთვის ჩაბარება. ამასთან საქართველოში არ არსებობს შინაური ცხოველის მოვლის სტანდარტები. აპლიკაცია საშუალებას იძლევა, შინაური ცხოველი დატოვოთ სანდო ადამიანთან ან თავად დაიტოვოთ და მიიღოთ შესაბამისი ანაზღაურება. თქვენი შემოსავალი და სამუშაო გრაფიკი დამოკიდებულია თქვენს მოტივაციაზე.

Sweet cart ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტ მარიამ ივანაშვილის ბიზნესიდეაა. იდეის შემუშავებაში მარიამთან ერთად ილიაუნის ბიზნესის სკოლის კიდევ 4 სტუდენტი – ნუკრი ტუსიშვილი, ანა ტყემალაძე, თამარ საძაგლიშვილი, სალომე მაისურაძე – იყო ჩართული.

SweetCart არის კომპაქტური, ინოვაციური მოწყობილობა, რომელიც მარტივად მაგრდება სუპერმარკეტების კალათებზე, ურიკებზე და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მარტივად დაიანგარიშოს შეძენილი პროდუქტების ფასები. სალაროსთან კი გადაიხადოს უკვე დაჯამებული თანხა. ეს შეამცირებს/გააქრობს ცოცხალ რიგებს სალაროსთან დიდ სუპერმარკეტებში, რადგან მოლარეს არ მოუწევს ყველა პროდუქტის სათითაოდ გატარება, მასთან მხოლოდ ანგარიშსწორება მოხდება. ეს უმარტივებს სამუშაოს მოლარესაც. ასევე მომხმარებელს მისცემს საშუალებას დაითვალოს შეძენილი პროდუქტების ფასები და მარტივად მოარგოს საკუთარ ბიუჯეტს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან დიდ დროს დაზოგავს და ბევრად სასიამოვნოს ხდის shopping-ის პროცესს.

VES ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტის მურთაზ თაკალანის ბიზნესიდეაა. VES არის პლატფორმა, რომელშიც დარეგისტრირება შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, როგორც სამსახურის მაძიებლებსა, თუ კარიერული წინსვლის მსურველებს, ასევე – დამსაქმებლებს. პლატფორმა მოემსახურება ადამიანური რესურსების მართვის პროცესების გამარტივებას, რადგან დამსაქმებელი განახორციელებს დაწესებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების ავტომატიზაციას და მათთან აპლიკანტის შესაბამისობას, ასევე აჩვენებს პროგრესს გრძელვადიან პერსპექტივაში, იმუშავებს, როგორც შეფასების სისტემა.

პლატფორმა გადაჭრის ისეთ პრობლემებს, როგორებიცაა: ნამდვილობის დამტკიცება, პროცედურის პერიოდის ხანგრძლივობა და ა.შ.

Pocket Wifi ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტის, რობერტ გასპაროვის, ბიზნესიდეაა. Pocket Wifi არის 8.5 მმ დიამეტრის მრგვალი მოწყობილობა, რომელიც powerbank- ის ფუნქციას ასრულებს, მაგრამ რეალობაში არის 4G wifi როუტერი, რომელიც ჯიბეში გეტევათ და გთავაზობთ ულიმიტო 4G ინტერნეტს ბაზარზე არსებულ ანალოგებთან 2-ჯერ უფრო იაფად. ვიზუალურადაც დახვეწილი და მოსახერხებელია, რადგან შესაძლებელია ჯიბით ტარება.

Healthy app ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტის, ქეთა გიორგაძის ბიზნესიდეაა. Healthy app აპლიკაციაა, რომელიც ადამიანებს დაეხმარება ყოველდღიურად მიიღონ ინფორმაცია ჯანსაღ კვებასთან დაკავშირებულ საკითხებზე – რა უნდა ჭამონ, სად უნდა შეიძინონ საკვები და როგორ მოამზადონ ის. აპლიკაცია მიაწვდის მათ ინფორმაციას ვარჯიშისა და ფიტნესის შესახებაც. ეს არის აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც შეგვიძლია ვაკონტროლოთ კალორიები ჩვენს ორგანიზმში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. ეს ყველაფერი კი მაქსიმალურად იქნება მორგებული თითოეულ ადამიანზე, თავისივე შეტანილი ინფორმაციის საფუძველზე. იდეის წყალობით შეგვიძლია შევამციროთ ჭარბწონიანობისა და არასწორი დიეტების გამო ადამიანების ჯანმრთელობის საფრთხეში ჩაგდების რისკები; აპლიკაცია შექმნილია იმ მათთვისაც, ვისაც სურს, რომ ჯანსაღი ცხოვრება მათი არსებობის განუყოფელ ნაწილად იქცეს.

ბანერები