ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში კორეული ენისა და კულტურის საერთაშორისო ინსტიტუტი იხსნება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინჰას უნივერსიტეტთან (Inha University, სამხრეთ კორეა) პარტნიორობით იხსნება მეფე სეჯონგის სახელობის კორეული ენისა და კულტურის საერთაშორისო ინსტიტუტი.

მეფე სეჯონგის ინსტიტუტი (King Sejong Institute, 세종학당) სამხრეთ კორეის მთავრობის მიერ შექმნილი საერთაშორისო საგანმანათლებლო ცენტრების გლობალური ქსელის ნაწილია, რომლის მიზანია მსოფლიოში კორეული ენის სწავლებისა და კორეული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

ინსტიტუტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამხრეთ კორეის მეფე სეჯონგის ინსტიტუტის ფონდის (King Sejong Institute Foundation) მხარდაჭერით იმუშავებს. ილიაუნისა და ინჰას უნივერსიტეტის ერთობლივმა პროექტმა წარმატებით გაიარა შერჩევის რამდენიმე ეტაპი და 2026 წლის სექტემბრიდან მეფე სეჯონგის ინსტიტუტი საპილოტე რეჟიმში დაიწყებს ფუნქციონირებას.

ინსტიტუტში სტუდენტები შეისწავლიან კორეულ ენას, გაეცნობიან კორეის კულტურას, ისტორიასა და ტრადიციებს, ასევე მონაწილეობას მიღებენ ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ მრავალფეროვან საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებში.

ინჰას უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს ინჰა-ილიას კორეის კვლევების ცენტრი. უნივერსიტეტებს შორის აქტიურად ვითარდება თანამშრომლობა სტუდენტების გაცვლის, საზაფხულო სკოლების, კორეული ენისა და კულტურის, ასევე გლობალური კლიმატის გამოწვევებთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მიმართულებით.

მეფე სეჯონგის ინსტიტუტის გახსნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ორ უნივერსიტეტს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების კუთხით. ინსტიტუტი შექმნის ახალ შესაძლებლობებს სტუდენტებისთვის, აკადემიური პერსონალისა და კორეული ენითა და კულტურით დაინტერესებული ყველა მსურველისთვის.

დამატებითი ინფორმაცია ინსტიტუტის პროგრამების, კურსებზე რეგისტრაციისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ გამოქვეყნდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებში.

2026

 

ბანერები