ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

ახალი ამბები

27 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს“ („ჯი-აი-ჯი“) შორის  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ შესაძლებლობას მისცემს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის „ენერგეტიკის და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება“ წარმატებულ სტუდენტებს, სწავლების მე-4 სემეტრის დასასრულს პრაქტიკა გაიარონ GIG-სთან აფილირებულ კომპანიებში. GIG  ასევე დაეხმარება ილიას უნივერსიტეტს ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების სივრცის მოწყობაში (ვიზუალიზაცია, დემო მაკეტები), სადაც გაიმართება შესაბამისი ლექციები და შეხვედრები.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს შპს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის ფინანსურმა დირექტორმა ზურაბ გელენიძემ და ილიაუნის რექტორის მოადგილე ნინო დვალიძემ.

ეს  თანამშრომლობა მნიშვნელოვანი საწინდარია კვალიფიციური და წარმატებული სპეციალისტების მომზადებისთვის.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი“ ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინდუსტრიული ჰოლდინგია საქართველოში. მისი ბიზნესპორტფელი მოიცავს ნახშირის მოპოვებას, ელექტროენერგიის გამომუშავებას (ჰიდრო, ბუნებრივ აირსა და ნახშირზე მომუშავე სადგურები), ბუნებრივი აირით ვაჭრობასა და უძრავი ქონების მართვას.

„საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დამფუძნებელია დავით ბეჟუაშვილი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი სამაგისტრო პროგრამის – ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვა და მდგრადი განვითარება“ – მიზანია, მოამზადოს მდგრადი ენერგეტიკისა და მინერალური რესურსების მართვის სპეციალისტები დასაქმების ფართო პერსპექტივით როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებში.

ახალი სამაგისტრო პროგრამა ანალიტიკური ცენტრის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ და ენერგეტიკისა და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის მხარდაჭერით შეიქმნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში. 

პროგრამის მხარდამჭერები საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფთან ერთად არიან: საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ენერგოეფექტურობის ცენტრი, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია, კავკასიის სამთო ჯგუფი, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი.

ბანერები