ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა Erasmus+ პროექტის „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“ კონსორციუმის წევრებს

ახალი ამბები

2019 წლის სექტემბრიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩართულია Erasmus + Jan Monnet Networks-ის პროექტში „ევროპასთან დაკავშირება პერიფერიაში“ (Linking to ‘Europe’ at the periphery).

პროექტი მიზნად ისახავს, გამოიკვლიოს, როგორ აღწევს ევროკავშირი პერიფერიული ქვეყნების საზოგადოებათა, განსაკუთრებით ახალგაზრდებისა და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ამასთან შეაფასოს ევროსკეპტიციზმის წარმოშობის მიზეზები და ევროინტეგრაციის პროცესის შემაფერხებელი ფაქტორები.

პროექტის ერთ-ერთი მიზანია ასევე კონსორციუმის წევრ-ქვეყნებში ევროკავშირის სწავლებასა და კვლევასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნის ხელშეუწყობა, მათ შორის იმ ცოდნისა, რომელიც ეხება მეთოდოლოგიურ და თეორიულ გამოწვევებს, რომელთაც ეს საზოგადოებები აწყდებიან ევროკავშირის სწავლებისა და კვლევის მიმართულებით.

21-22 ნოემბერს თბილისში გამართულ პროექტის კონსორციუმის წევრების სამუშაო შეხვედრას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს პროექტით გათვალისწინებული აქტივობებისა და მათი შედეგების შესახებ, განიხილეს პროექტის დასრულებამდე შესასრულებელი სამუშაო და მათი მოსალოდნელი შედეგები.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან შეხვედრას ესწრებოდნენ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორები დავით აფრასიძე და გიორგი გვალია.

2022 წელი

ბანერები