ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის პროფესორების განცხადება

განცხადებები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის პროფესორები მიმდინარე რეფორმით ჩვენი პროგრამის გაუქმებასთან დაკავშირებით ვაცხადებთ, რომ ჩვენ უნივერსიტეტში ხელოვნების შესწავლა და კვლევა მისი დაარსებისთანავე ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა. თავდაპირველად უნივერსიტეტის კურიკულუმში ეს მიმართულება წარმოდგენილი იყო „ხელოვნების ისტორიისა და კულტურული ანთროპოლოგიის“ საბაკალავრო პროგრამის სახით, მოგვიანებით კი — „ხელოვნებათმცოდნეობის“ საბაკალავრო პროგრამით. აღნიშნულ დარგს განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა, როგორც კაცობრიობისა და ცივილიზაციების გააზრების მნიშვნელოვან კომპონენტს.

ჩვენი პროგრამა ეფუძნება არქიტექტურისა და ვიზუალური კულტურის გლობალურ ხედვას, ინტერდისციპლინური კვლევების შედეგებს, აგრეთვე სამუზეუმო და საკურატორო პრაქტიკულ გამოცდილებას. პროგრამაში ჩართული არიან დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რომელთა ლექციები ეყრდნობა როგორც მათ მიერ განხორციელებული სამეცნიერო კვლევების შედეგებს, ისე პროფესიულ გამოცდილებას.

ეს პროგრამა ამზადებს როგორც ხელოვნების ისტორიის მომავალ მკვლევრებს, ასევე სამუზეუმო და საკურატორო სფეროს პროფესიონალებსა და განათლების სპეციალისტებს. ხელოვნების ისტორიის შესწავლა აყალიბებს ფართო თვალსაწიერსა და ტოლერანტობას. ხელოვნების ისტორია მჭიდროდ არის დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის კვლევასთან, რაც ისტორიული წარსულის გააზრებისა და ეროვნული იდენტობის განსაზღვრისთვის უპირობოდ აუცილებელია.

სწავლის დროს სტუდენტები ეცნობიან კულტურულ მემკვიდრეობას, როგორც ეკონომიკურ რესურსს, რაც საქართველოს მსგავს ქვეყანაში, რომელიც უმდიდრესია მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობით, ეს გამოცდილება შეუცვლელია და დაკავშირებულია როგორც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან, ისე სამუშაო ადგილების შექმნასთან და პროფესიონალთათვის შემოსავლების ზრდასთან, კულტურული მემკვიდრეობის ფრთხილ, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებულ გამოყენებასთან.

ინტერდისციპლინარული კვლევები, რომლებსაც სტუდენტები ეცნობიან,  კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების, კონსერვაცია-რესტავრაციის პრაქტიკული ცოდნის საფუძველია, რაც სამომავლოდ ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს არა მხოლოდ თეორიულ საკითხებზე იმუშაონ, არამედ მონაწილეობა მიიღონ  ძეგლთა დაცვის პრაქტიკულ პროცესებშიც. 

სალექციო თემები და სწავლების მეთოდოლოგია ორიენტირებულია გლობალური ვიზუალური სისტემების სიღრმისეულ გააზრებაზე, რაც სტუდენტებს ამზადებს როგორც საკუთარი პროფესიისთვის, ისე მომიჯნავე დარგებში აკადემიური და პრაქტიკული საქმიანობისთვის. პროგრამა უზრუნველყოფს წარსულისა და თანამედროვეობის კულტურული პროცესების კრიტიკულ გააზრებასა და კონტექსტუალურ ანალიზს.

აღსანიშნავია, რომ ჩვენი პროგრამა იყო პირველი, რომელიც საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ხელოვნების შესწავლას სთავაზობდა სტუდენტებს. თანამედროვე ვიზუალური ხელოვნება თავისი მიმდინარე ძიებებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოდერნიზებული სამყაროს აქტუალური დისკურსებისთვის, რის გააზრებასაც სწავლობენ ჩვენი სტუდენტები; ეუფლებიან იმ უნარებს, რომლებითაც საერთაშორისო პროექტებში სრულფასოვან მონაწილეებად შეეძლებათ ჩართვა და იმ ვიზუალური ნიშნების სისტემებით ოპერირება, რომლებითაც სიცოცხლის უახლესი ფორმები ავლენენ თავს.

ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამის არჩევით კურსებს ბევრი სხვა სპეციალობის სტუდენტებიც მუდმივად ირჩევენ, რაც მათი თვალსაწიერის გაფართოებას უწყობს ხელს. ჩვენი პროგრამის სასწავლო კურსები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო დონეზე აღიარებულ აკადემიურ მიდგომებსა და სტანდარტებთან. აღნიშნულ შესაბამისობას უზრუნველყოფს უცხოელ კოლეგებთან და პარტნიორ ინსტიტუციებთან აქტიური და უწყვეტი აკადემიური თანამშრომლობა, რაც პროგრამის შინაარსისა და სწავლების ხარისხის მუდმივ განვითარებას განაპირობებს.

უნივერსიტეტში დაარსებულია შესაბამისი მიმართულების ორი მნიშვნელოვანი კვლევითი ცენტრი — „შუა საუკუნეების კვლევის ცენტრი“ და „კულტურული მემკვიდრეობა და გარემო“. ეს სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ ამ ცენტრებში მიმდინარე სამეცნიერო პროექტებსა და კვლევით საქმიანობაში, რაც მათ აკადემიურ და პროფესიულ განვითარებას უწყობს ხელს.

„შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის“ მუდმივმოქმედი სემინარები, ცენტრის ეგიდით გამართული საერთაშორისო კონფერენციები, აგრეთვე გამოცემული მონოგრაფიები და სამეცნიერო კრებულები — წამყვანი ქართველი და უცხოელი მკვლევრების მონაწილეობით — ქმნის უნიკალურ აკადემიურ ეკოსისტემას. აღნიშნული გარემო უზრუნველყოფს ცოცხალ და დინამიკურ კავშირს სამეცნიერო კვლევებსა და სასწავლო პროგრამებს შორის.

რეფორმის ფარგლებში უნივერსიტეტის შეცვლილ პროფილში, რომელიც პედაგოგიურ მიმართულებამდეა რედუცირებული, ხელოვნების შესწავლა აღარ არის გათვალისწინებული, მიუხედავად იმისა, რომ იგი განათლების სისტემის ტრადიციულ და არსებითად მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს. ხელოვნება და ხელოვნების ისტორია ხელს უწყობს ვიზუალური წიგნიერების განვითარებას, აყალიბებს ესთეტიკურ და შემოქმედებით აზროვნებას და ავითარებს ანალიზის, არგუმენტაციისა და ვიზუალური გამოცდილების ვერბალიზაციის მნიშვნელოვან კომპეტენციებს.

ხელოვნებათმცოდნეობის პროგრამისადმი მზარდ ინტერესსა და დისციპლინის აქტუალობაზე ნათლად მიუთითებს სტუდენტთა რაოდენობის დინამიკა. პროგრამაზე რეგისტრირებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობა ადასტურებს ხელოვნებათმცოდნეობის ჩვენი პროგრამისადმი ინტერესის სტაბილურ ზრდას და ხაზს უსვამს დისციპლინის აქტუალობას განათლების თანამედროვე კონტექსტში.

  • 2022–2023 სასწავლო წელი — 81 სტუდენტი;
  • 2023–2024 სასწავლო წელი — 108 სტუდენტი;
  • 2024–2025 სასწავლო წელი — 108 სტუდენტი;
  • 2025–2026 სასწავლო წელი — 117 სტუდენტი.

ამასთან, მიმდინარე წელს ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა 33 პირველკურსელმა აირჩია, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პროგრამისადმი ინტერესისა და მოთხოვნის მდგრად ზრდას.

ნინო ჭიჭინაძე, პროფესორი, ხელოვნებათმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, შუა საუკუნეების კვლევის ცენტრის დირექტორი

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, პროფესორი, კვლევითი ცენტრის „კულტურული მემკვიდრეობა და გარემო“ დირექტორი

სალომე ცისკარიშვილი, ასოცირებული პროფესორი

ხათუნა ხაბულიანი,  ასოცირებული პროფესორი

სოფიო კილასონია, ასისტენტ პროფესორი

2026

ბანერები