ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების სასწავლო ვიზიტი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში

ახალი ამბები

1-11 ოქტომბერს პროექტის „უნივერსიტეტის სამეწარმეო განათლების (EE) სასწავლო (კურიკულარული) და კოკურიკულარული რეფორმა“ ფარგლებში  ილიაუნის ადმინისტრაციისა და ბიზნესის სკოლის აკადემიური წარმომადგენლები ეწვივნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი პროგრამის „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი – საქართველო I2Q (IBRD)“ ფარგლებში შექმნილი პროექტი, რომელიც კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო  კონკურსის გამარჯვებულია, მიზნად ისახავს ინოვაციების ხელშეწყობასა და ეფექტური სამეწარმეო განათლების დანერგვას.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და ადმინისტრაციის წარმომადგენლები დაესწრნენ TOT გადამზადების ტრენინგებს სამეწარმეო და ინოვაციების მიმართულებით და მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა ღონისძიებაში: 

  • გაეცნენ SDSU-ის ინოვაციურ ლაბორატორიებსა და სამეწარმეო ინიციატივებს, ეს  პროგრამები როგორ უჭერს სტუდენტებს მხარს იდეების ბიზნესად გადაქცევაში;
  • დაესწრნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სალექციო სესიებს შემდეგ თემებზე: სტრატეგიული მარკეტინგი, ფინანსები, ორგანიზაციული ქცევა, კრეატიულობა, ინოვაცია და მეწარმეობა და სხვა. სესიებს ხელმძღვანელობდნენ SDSU-ის გამორჩეული ფაკულტეტის წევრები;
  • გაეცნენ სამეწარმეო ცენტრებს და ჩაერთნენ პრაქტიკული სწავლების პროცესში, რომელსაც ''Lavin Entrepreneurship Center'', ''Zahn Innovation Platform Launchpad'' ახორციელებს. დელეგაციის წევრები შეხვდნენ SDSU-ის სხვადასხვა მმართველ ორგანოს და შედეგად შეიმუშავეს პროექტის განსახორციელებელ ღონისძიებათა გეგმა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები.

ვიზიტის დასრულების შემდეგ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე დაიწყება სამეწარმეო სასწავლო (კურიკულარული) და კოკურიკულარული რეფორმის განხორციელება, რაც გულისხმობს განახლებულ სასწავლო მასალებს, პროექტებს სტუდენტებისთვის, სხვადასხვა ღონისძიებას აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალისთვის.

მოკლედ პროექტის შესახებ

პროექტი „უნივერსიტეტის სამეწარმეო განათლების (EE) სასწავლო (კურიკულარული) და კოკურიკულარული რეფორმა“ ხელს შეუწყობს: (ა) სტუდენტური და აკადემიური ინოვაციების კულტურას, (ბ) სამეწარმეო საქმიანობას სასწავლო გეგმის, კოკურიკულარული ინოვაციებისა და სტუდენტური სივრცეების მეშვეობით, (გ) სტარტაპების მხარდაჭერის სისტემის განვითარებას და სტარტაპების შექმნას ილიაუნიში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ხელშესაწყობად.

2024

ბანერები