ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა ნაშრომი მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში "Astronomy & Astrophysics" გამოქვეყნდა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებმა, ილიაუნის ლემანჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის დოქტორანტმა ეკა გურგენიშვილმა, პროფესორებმა თეიმურაზ ზაქარაშვილმა და ვასილ კუხიანიძემ, ევროპელ კოლეგებთან ერთად მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში "Astronomy & Astrophysics“ გამოაქვეყნეს ნაშრომი „Rieger-type periodicity in the total irradiance of the Sun as a star during solar cycles 23–24“. 

ნაშრომის შესახებ

ნაშრომის ავტორები მზის სრულ გამოსხივებაში დაკვირვებულ პერიოდულ ცვლილებათა საშუალებით აფასებენ მაგნიტური ველის სიდიდეს მზის წიაღში.

მზის სრული გამოსხივება ვარსკვლავების გამოსხივების ანალოგიურია, ამიტომ ეს კვლევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მზის მსგავსი სხვა ვარსკვლავების შესასწავლად. უფრო ახალგაზრდა ან გვიანდელი მზის ტიპის ვარსკვლავების შესწავლით ჩვენი მზის წარსულისა და მომავლის გარკვევა შეიძლება.

მზე, ჩვენი უახლოესი ვარსკვლავი, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენი პლანეტის სასიცოცხლო პირობებზე. სხვადასხვა კოსმოსური მისიიდან მიღებული სრული გამოსხივების დაკვირვებები აჩვენებს, რომ მზის სიკაშკაშე ცვალებადია და რამდენიმე წუთიდან რამდენიმე წლამდე მერყეობს, რაც გამოწვეულია მზის მაგნიტური ველის ეფექტებით.

ცნობილი 11-წლიანი ციკლის გარდა მზის აქტიურობაში უფრო მოკლე, 150-200-დღიან, პერიოდებსაც აკვირდებიან, ცნობილს რიეგერის ტიპის ციკლების სახელით. მათი არსებობა თითქმის 40 წელია ცნობილია და ბევრი ამოუცნობი თვისებით ხასიათდება. ეს პერიოდული ცვლილება მხოლოდ ძლიერი მაგნიტური ველის მქონე სტრუქტურებში ჩანს, ამიტომ ის შესაძლოა დაკავშირებული იყოს მზის წიაღის მაგნიტურ ველში არსებულ როსბის ტალღებთან.

„მზის სრულ გამოსხივებაში დაკვირვებული პერიოდული ცვლილებებისა და როსბის ტალღების თვისებების გამოყენებით შევაფასეთ მაგნიტური ველის სიდიდე მზისწიაღში, რაც სხვა დაკვირვებებით შეუძლებელია, – ამბობს კვლევის წამყვანი ავტორი, ილიასა და გიოტინგენის (გერმანია) უნივერსიტეტების დოქტორანტი, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი ეკა გურგენაშვილი, – ამჟამად რიეგერის ტიპის ციკლების გამოსავლენად სხვა ვარსკვლავების სინათლის მრუდებს ვიკვლევთ, რაც ვარსკვლავების წიაღის მაგნიტური ველის შეფასების საშუალებას მოგვცემს”.

დაგეგმილი კვლევები შესაძლოა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს სხვადასხვა კოსმოსური მისიის (Kepler, CoRoT, TESS) მიერ დაკვირვებული ევოლუციის სხვადასხვა ეტაპზე მყოფი მზის ტიპის ვარსკვლავების მაგნიტური ველის შესასწავლად.

კვლევა ჩატარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და გიოტინგენის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად განხორციელებული „ლემანჰაუპტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლის” პროგრამის ფარგლებში. პროგრამის დონორები არიან შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი და ფოლკსვაგენის ფონდი.

სამეცნიერო სტატია:

E. Gurgenashvili, T. V. Zaqarashvili, V. Kukhianidze, A. Reiners, R. Oliver, A. F. Lanza and T. Reinhold, Rieger-type periodicity in the total irradiance of the Sun as a star during solar cycles 23-24, Astronomy & Astrophysics, 10.1051/0004-6361/202141370

2021 წელი

 

ბანერები