ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ქართული უმაღლესი სასწავლებელია, რომელმაც Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სრული პარტნიორის სტატუსი და ხარისხის მინიჭების უფლება მოიპოვა

ახალი ამბები

ერაზმუს+ ერთობლივი პროგრამების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა რვა უნივერსიტეტისგან შემდგარი საერთაშორისო კონსორციუმის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევებში – Central and East European, Russian and Eurasian Studies (CEERES). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, კონსორციუმში შედიან: გლაზგოს უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი), კორვინუსის უნივერსიტეტი (უნგრეთი), იაგელონიის უნივერსიტეტი (პოლონეთი), კიევ-მოჰილას აკადემია (უკრაინა), ლობაჩევსკის ნიჟნი ნოვგოროგის უნივერსიტეტი (რუსეთი) და კიმეპი (ყაზახეთი).

აღნიშნული სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მიენიჭა სრული პარტნიორის სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ პროგრამის კურსდამთავრებულები ევროპული უნივერსიტეტების დიპლომებთან ერთად მიიღებენ აკადემიურ ხარისხს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგანაც.  აღსანიშნავია, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელმაც Erasmus+  პროგრამის ფარგლებში სრული პარტნიორის სტატუსი და ხარისხის მინიჭების უფლება მოიპოვა.

ერთობლივი პროგრამის მიზანია, მოამზადოს პროფესიონალები, რომელთაც ექნებათ თანამედროვე და  სისტემური ცოდნა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის, განსაკუთრებით კი კავკასიის რეგიონის შესახებ და შეძლებენ მუშაობას რეგიონში არსებული პოლიტიკური, უსაფრთხოებისა და სოციალურ-ეკონომიკური გამოწვევების დაძლევის კუთხით, დარგის თანამედროვე მიდგომებისა და კვლევის მეთოდების გამოყენებით.

ერთობლივი პროგრამა პირველ მიღებას 2018 წლის შემოდგომისთვის გამოაცხადებს. სტუდენტები, რომლებიც ვიწრო სპეციალიზაციად კავკასიის კვლევებს აირჩევენ, სწავლების მეორე წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაატარებენ და სამი უნივერსიტეტის აკადემიურ ხარისხს მიიღებენ:

  • სოციალური მეცნიერებების (ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევები) მაგისტრი (ესტონურ ენაზე – Magistrikraad sotsiaalteadustes (Kesk- ja Ida-Euroopa, Venemaa ja Euraasia uuringud/ Master of Arts in Social Sciences (Central and East European, Russian and Eurasian Studies), ტარტუს უნივერსიტეტისგან, ტარტუ, ესტონეთი;
  • საერთაშორისო მაგისტრი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევებში / International Master in Central and East European, Russian and Eurasian Studies, გლაზგოს უნივერსიტეტისგან, გლაზგო, შოტლანდია, გაერთიანებული სამეფო;
  • კავკასიური კვლევების მაგისტრი / Master of Caucasian Studies, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისგან, თბილისი, საქართველო

ევროკავშირი რამდენიმე წელიწადია, Erasmus+ პროგრამის ფარგლებში სრულად აფინანსებს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს. პროექტში ჩართულია 186 უნივერსიტეტი და 600-ზე მეტი ორგანიზაცია 84 ქვეყნიდან. წელს ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალს, კომისიის გადაწყვეტილებით, 38 ახალი პროგრამა დაემატა. მათ შორის, სამი ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა განხორციელდება ქართული უნივერსიტეტების თანამონაწილეობით, მათგან  ორი –  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ვრცლად...

2017

ბანერები