ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ახალ ერაზმუს მუნდუსის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას ლექსიკოგრაფიაში
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი იწყებს ერაზმუს მუნდუსის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამას EMLex – European Master in Lexigography რვა უნივერსიტეტისგან შემდგარ კონსორციუმთან ერთად.
ლექსიკოგრაფიის ევროპულ სამაგისტრო პროგრამას ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელმა სააგენტომ (EACEA) უკვე მესამედ მიანიჭა ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის სტატუსი. პროგრამა, რომელმაც ამჯერად შვიდწლიანი დაფინანსება მიიღო, 2030 წლამდე გაგრძელდება.
ლექსიკოგრაფია, ციფრული ჰუმანიტარია, ენობრივი ტექნოლოგიები, ბუნებრივი ენის დამუშავება და ხელოვნური ინტელექტი ინტერდისციპლინური ევროპული სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიმართულებებია. სამაგისტრო პროგრამა გამორჩეულია ინტერნაციონალური ორიენტაციით, თეორიასა და პრაქტიკას შორის ურთიერთკავშირით, მრავალენოვნების პოპულარიზაციით, სწავლებისა და სწავლის საკითხებისადმი ინოვაციური მიდგომებით, კონსორციუმის უნივერსიტეტებში მობილობის შესაძლებლობითა და კერძო და სახელმწიფო სექტორებთან მჭიდრო კავშირით.
პროგრამის მიზანია მოამზადოს მრავალენოვანი სპეციალისტები, რომელთაც შეუძლიათ ახალი ციფრული რესურსებისა და პროგრამული ინსტრუმენტების შექმნა ენის ლექსიკის ანალიზისათვის ენობრივი ინფორმაციის ვიზუალიზაციის ახალი მიმართულებების გათვალისწინებით. ამასთან სტუდენტები სწავლობენ პროგრამირებას, სტატისტიკური ანალიზის მეთოდებს და სხვ. ლექსიკოგრაფიის სამაგისტრო პროგრამა აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებსა და წამყვან სპეციალისტებს, ასევე თითქმის ყველა კონტინენტის სტუდენტებს.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პროგრამას გაუძღვება ლექსიკოგრაფიისა და ენობრივი ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორი, პროფესორი თინათინ მარგალიტაძე.
ერთობლივი სამაგისტრო პროგრამის პარტნიორები არიან:
- სანტიაგო დე კომპოსტელა, ესპანეთი – პროგრამის კოორდინატორი
- ერლანგენ-ნიურნბერგის ფრიდრიხ-ალექსანდერის სახელობის უნივერსიტეტი, გერმანია
- უნივერსიტეტი რომა ტრე, იტალია
- ლოთარინგიის უნივერსიტეტი, საფრანგეთი
- მინიოს უნივერსიტეტი, პორტუგალია
- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო
- რეფორმატული ეკლესიის კაროლი გაშპარის სახელობის უნივერსიტეტი ბუდაპეშტში, უნგრეთი
- ჰილდესჰაიმის უნივერსიტეტი, გერმანია.
აღსანიშნავია, რომ ილიაუნი პირველი ქართული უნივერსიტეტია, რომელიც, როგორც დიპლომის გამცემი ინსტიტუცია, ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების სქემით ახორციელებს ორ პროგრამას და მაგისტრის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს პროგრამაში ჩართულ სხვა საერთაშორისო უნივერსიტეტებთან ერთად.
ლექსიკოგრაფიის ევროპული სამაგისტრო პროგრამის გარდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017 წლიდან მოქმედებს ერაზმუს მუნდუსის ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა „ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და ევრაზიის კვლევები“ (CEERES).
2023