ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

გიტა თვალაბეიშვილს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტს, სკოლის ბიბლიოთეკისა და მკითხველთა კლუბისთვის საჩუქრად ილიაუნის გამოცემები გადაეცა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა წელსაც ტრადიციულად მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე ფინალისტებს შორის რჩეული მასწავლებელი დაასახელა.

ილიაუნის რჩეული 168-ე სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი გიტა თვალაბეიშვილი გახდა, რომელმაც 3 წლის წინ სკოლის ბაზაზე შექმნა მკითხველთა კლუბი „წიგნიერი“.

კლუბი პანდემიის მიუხედავად აქტიურად განაგრძობს ფუნქციონირებას – მოსწავლეები ხვდებიან ავტორებს, ეწყობა წიგნის პრეზენტაციები და სხვა მრავალფეროვანი ღონისძიებები წიგნისა და კითხვის პოპულარიზაციისთვის.
საამაყოა, რომ გიტა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების სკოლის კურსდამთავრებულია, ფლობს მაგისტრის აკადემიურ ხარისხს განათლების ადმინისტრირების მიმართულებით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი, პროფესორი ნინო დობორჯგინიძე 3 ნოემბერს 168-ე სკოლას ესტუმრა და სკოლის ბიბლიოთეკას ილიაუნის 150 გამოცემა საჩუქრად გადასცა.

„ჩვენ პრინციპულად ვიზიარებთ იმ თვალსაზრისს, რომ საუნივერსიტეტო განათლების იდეა, კარგი საუნივერსიტეტო განათლება, არ არსებობს ასევე კარგი და წარმატებული სასკოლო განათლების გარეშე, ამიტომ სასკოლო განათლების ხელშეწყობას ჩვენს საუნივერსიტეტო პრიორიტეტად ვთვლით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი წლებია თანამშრომლობს განათლების კოალიციასთან და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის პარტნიორია. წელს განსაკუთრებული სიახლე გვაქვს – ილიაუნის განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული გახდა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის და მისი ხუთეულის ერთ-ერთი წევრი. დღეს ვიმყოფებით თბილისის 168-ე სკოლაში, სადაც ჩვენი კურსდამთავრებული მუშაობს, და ილიაუნი მას საჩუქრად გადასცემს ჩვენი უნივერსიტეტის გამოცემებს, მათ შორის განათლების მიმართულებით“, – ამბობს პროფესორ ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი.

„ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული იყო, რომ საქმე, რომელსაც აქამდე ვაკეთებდი და მეგონა, რომ ჩემთვის იყო საინტერესო, სხვისთვისაც საინტერესო აღმოჩნდა. განათლების კოალიციისა და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ხელშეწყობით ხდება მასწავლებლების აღმოჩენა და მათი საქმიანობის სხვისთვის გაცნობა. ჩემთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია, რომ იმედია, ამგვარად ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდება მასწავლებლის პროფესიით. მე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების ადმინისტრირების მიმართულების კურსდამთავრებული ვარ და, შემიძლია ვთქვა, ორი წლის განმავლობაში სწორედ უნივერსიტეტი დამეხმარა პროფესიულ განვითარებაში, სიახლეების ძიებასა და ხედვაში, რომელსაც დღეს ინტენსიურად ვიყენებ სასწავლო პროცესში,“ – გიტა თვალაბეიშვილი, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი, 168-ე საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებელი.

კონკურსის შესახებ

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა, რომელიც საქართველოში უკვე მეხუთედ განხორციელდა, მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდი, მხარდამჭერები არიან: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), ლიბერთი ბანკი, ტელეკომპანია იმედი, საზოგადოებრივი მაუწყებელი და მარკეტინგული კომპანია 4MEDIA.

 2021 წელი

ბანერები