ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

„ფრანგული რენესანსის“ წარმომადგენლობა საქართველოში

ახალი ამბები

26 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინიციატივითა და ორგანიზებით საქართველოში დაფუძნდა საერთაშორისო ასოციაციის „ფრანგული რენესანსი“ წარმომადგენლობა.                              ასოციაცია „ფრანგული რენესანსი“ დაარსებულია 1915 წელს საფრანგეთის პრეზიდენტის, რემონ პუანკარეს მიერ. მისი მიზანია ფრანგული ენისა და კულტურის, ფრანკოფონიის პოპულარიზაცია მსოფლიოში. ასოციაციას წარმომადგენლობები აქვს მსოფლიოს 40 ქვეყანაში. მისი დევიზია „კულტურა – სოლიდარობა – ფრანკოფონია“, შესაბამისად, ასოციაციის ღონისძიებები ეძღვნება კულტურის ხელშეწყობას, საქმიანობას მშვიდობის უზრუნველსაყოფად. ასოციაციას დაწესებული აქვს რამდენიმე ჯილდო სხვადასხვა სფეროში გამორჩეული ფრანგულენოვანი მოღვაწეებისათვის.

საერთაშორისო ასოციაციის ქართული წარმომადგენლობის ონლაინდაფუძნების ცერემონია გახსნა და სტუმრებს მიესალმა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიგა ზედანია.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს და დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ ასოციაციის საერთაშორისო პრეზიდენტი, პროფესორი დენი ფადა, საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლა, საქართველოს ფრანგული ინსტიტუტის დირექტორი პიერ კლუე, ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული დირექტორი მოჰამედ კეტატა, საფრანგეთში საქართველოს დესპანი გოჩა ჯავახიშვილი.

მოხსენებებით გამოვიდნენ საქართველოსა და საფრანგეთში მცხოვრები განათლების, მეცნიერების, ლიტერატურის, კულტურის, თეატრალური და კინოხელოვნების, თარგმანის, ეკონომიკის, ტურიზმის, მედიცინის, სპორტის მიმართულებით ქართულ-ფრანგული ურთიერთობების განვითარების სფეროში მოღვაწე ქართველი და ფრანგი სპეციალისტები.

საერთაშორისო ასოციაციის „ფრანგული რენესანსი“ საქართველოს წარმომადგენლობის მიზანია, ხელი შეუწყოს როგორც ფრანგული და ფრანკოფონული ენისა და კულტურის (ფართო გაგებით) პოპულარიზაციას საქართველოში, ასევე ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას საფრანგეთსა და ფრანკოფონულ ქვეყნებში.

საქართველოში ფრანგული რენესანსის წარმომადგენლობის მმართველი ორგანოებია:

პრეზიდენტი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, მონპელიეს მეცნიერებათა და ლიტერატურის აკადემიის წევრ კორესპონდენტი, საფრანგეთის ზღვისიქითა მეცნიერებათა აკადემიის წევრ კორესპონდენტი, აკადამიური პალმების კომანდორი, მზაღო დოხტურიშვილი
ვიცე-პრეზიდენტი: საქართველოს დესპანი საფრანგეთში, აკადემიური პალმების კავალერი, ღირსების ეროვნული ორდენის კავალერი (საფრანგეთი), გოჩა ჯავახიშვილი
საპატიო პრეზიდენტი: საფრანგეთის ელჩი საქართველოში, ბატონი დიეგო კოლა
საპატიო პრეზიდენტი: კინორეჟისორი, ბატონი ოთარ იოსელიანი
და
ბიურო 14 წევრის შემადგენლობით,
რომლებიც ხელმძღვანელობენ შემდეგ სექციებს: განათლება, საუნივერსიტეტო თანამშრომლობა, ხელოვნება/კულტურა, თეატრი, ლიტერატურა, მეცნიერება, ისტორია, ფრანკოფონია, თარგმანი, ტურიზმი, მეღვინეობა, ეკონომიკა/მეწარმეობა, მედიცინა, სპორტი.

ფრანგული რენესანსის ასოციაციის საერთაშორისო პრეზიდენტის, ბატონი დენი ფადას ინიციატივით პარიზში ჩატარდება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია საქართველოზე, რომლის ორგანიზებას უხელმძღვანელებს ახლადდაფუძნებული წარმომადგენლობა.

 

 

ბანერები