ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლის ინჟინერიის კლუბს ილიაუნიმ 10 სასწავლო დრონი აჩუქა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ინიციატივით, 2020 წლის სკოლის ლიდერობის კონკურსის გამარჯვებულ დირექტორს, ვარდენ ნიქაბაძეს მამია ფანცულაიას სახელობის წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლაში საინჟინრო კლუბის განვითარების, სკოლის მოსწავლეებში პროგრამირებისა და ინჟინერიის მიმართულებით ინტერესის გაღვივებისთვის 10 სასწავლო დრონი გადაეცა.   

სკოლა შესაძლებლობის ფარგლებში უკვე წლებია ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მიმართულებების პოპულარიზაციის მიზნით არაერთ საინტერესო აქტივობას ახორციელებს. სწორედ ეს გახდა სკოლისთვის სპეციალური პრიზის დაწესების მოტივი.

ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი მეცნიერების პოპულარიზაციისა და ინოვაციების მიმართულებით, და ტექნოლოგიის სკოლის წარმომადგენლები ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას ესტუმრნენ,   დრონები გადასცეს და საინჟინრო კლუბის წევრი მოსწავლეებისთვის დრონების შესახებ პირველი ვორკშოფიც ჩაატარეს, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე,  ღია სივრცეში.  

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა ფარცხანაყანევის N2 საჯარო სკოლას მომავალშიც მხარს დაუჭერს  დრონების მოქმედების პრინციპებისა და დაპროგრამების შესწავლაში, ტექნოლოგიური და საინჟინრო კლუბების განვითარებაში. ამ მიზნით სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეებისთვის არაერთ ვორკშოფსა თუ საჯარო ლექციას გამართავს. 

 

ბანერები