ევროპის ანთროპოლოგთა ასოციაციის მხარდამჭერი წერილი
განცხადებები
სოციალური ანთროპოლოგების ევროპული ასოციაციის (EASA) აღმასრულებელი კომიტეტი ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში უმაღლესი განათლების მიმართულებით ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებების გამო. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „საგანმანათლებლო რეფორმის“ სახელით, საქართველოს მთავრობამ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ანთროპოლოგიის პროგრამის – ისევე როგორც არაერთი სხვა პროგრამისა და მიმართულების – გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ეს მოხდა აკადემიურ საზოგადოებასთან შინაარსიანი კონსულტაციების გვერდის ავლით.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის პროგრამა ქვეყნის მასშტაბით წარმოადგენს ანთროპოლოგიური კვლევისა და სწავლების წამყვან ცენტრს. ამ პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობები და აღიზარდა მკვლევართა თაობა, რომლებიც დღეს გლობალური აკადემიური საზოგადოების აქტიური და აღიარებული წევრები არიან. მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთპიროვნულად, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის ოფიციალური წინააღმდეგობისა და საქართველოს აკადემიური წრეების ფართომასშტაბიანი პროტესტის მიუხედავად. აღნიშნული ჩარევა წარმოადგენს ინსტიტუციური ავტონომიის პირდაპირ ხელყოფას – უფლებისა, რომელიც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით და წარმოადგენს ფუნდამენტურ პრინციპს ევროპის უმაღლესი განათლების სივრცისა (EHEA), რომლის მონაწილე ქვეყანაცაა საქართველო.
EASA აღნიშნულ მოვლენას განიხილავს, როგორც თავისთავად უკიდურესად შემაშფოთებელ ფაქტს და, ამავე დროს, როგორც სამეცნიერო კვლევის სფეროში პოლიტიკური ჩარევის უფრო ფართო ტენდენციის გამოვლინებას. ანთროპოლოგიის განსაკუთრებული მნიშვნელობა დემოკრატიული საზოგადოებისათვის გულისხმობს სწორედ სოციალური სტრუქტურების, ძალაუფლების და ცვლილებების დაუღალავ კრიტიკულ გააზრებას. ამ მასშტაბის პროგრამის გაუქმება მხოლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილება არ არის; ეს არის ნაბიჯი, რომელიც ასუსტებს საზოგადოების საერთო ინტელექტუალურ და სამოქალაქო სივრცეს.
ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ კოლეგებს, სტუდენტებს, რომელთა აკადემიური მომავალი დაზარალდა, და ყველას, ვინც საქართველოში აკადემიური თავისუფლების შეზღუდვას ეწინააღმდეგება. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დაუყოვნებლივ გააუქმოს აღნიშნული გადაწყვეტილება, აღადგინოს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ანთროპოლოგიის პროგრამა და პატივი სცეს Magna Charta Universitatum-ის ფარგლებში აღებულ ვალდებულებებს, კერძოდ, უზრუნველყოს აკადემიური ინსტიტუციების დამოუკიდებლობა პოლიტიკური ჩარევისგან. ასევე მოვუწოდებთ საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებას, შემოუერთდეს ჩვენს მოთხოვნას და ამ კრიტიკულ მომენტში მხარი დაუჭიროს ქართველ მეცნიერებსა და სტუდენტებს.
პატივისცემით,
დოქტორი ჰაიალ აკარსუ
პრეზიდენტი, EASA
EASA-ს აღმასრულებელი კომიტეტის სახელით
2026