ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

ახალი ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სასკოლო აქტივობების კონკურსი „Tech - განმანათლებელი“

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სასკოლო აქტივობების კონკურსს Tech - განმანათლებელი.  

კონკურსზე საქართველოში მოქმედი საჯარო სკოლის მასწავლებლებსა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეგიძლიათ ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული უკვე განხორციელებული პროქტები და აქტივობები წარმოადგინოთ. 

ახალი ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება,  მათი სწრაფი ადაპტირება საგანმანათლებლო სისტემაში რთულია. ამიტომ სხვადასხვა ქვეყანაში ხორციელდება პროექტები, რომელთა ფარგლებშიც მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესის მიღმა ერთვებიან ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ღონისძიებებში. ასეთი პროექტები ახალი მიდგომების, გამოცდილების გაზიარებას უწყობს ხელს. 

კონკურსი მიზნად ისახავს ამგვარი შემთხვევების გამოვლენას, Tech-განმანათლებლების გამოვლენას სკოლაში, მათ მხარდაჭერას და, რაც მთავარია, საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარებას.   

პრიზი

  • I ადგილი - საპრემიო თანხა 2000 ლარი
  • II ადგილი - საპრემიო თანხა 1500 ლარი  
  • III ადგილი - საპრემიო თანხა 1000 ლარი

კონკურსის ეტაპები

კონკურსი ორ ეტაპად განხორციელდება.  

I ეტაპი 

გამოგვიგზავნეთ ვიდეო, რომელშიც: 

  • პროექტის ხელმძღვანელი ან აქტივობის ორგანიზატორი საუბრობს განხორციელებული პროექტის / აქტივობის შესახებ და მკაფიოდ წარმოაჩენს მის მიზანს, შესრულებულ სამუშაოსა და მიღწეულ შედეგს; 
  • მოსწავლეები, რომლებიც გვიზიარებენ პროექტში/აქტივობაში ჩართულობით მიღებულ გამოცდილებასა და ცოდნაზე ინფორმაციას. 

აღნიშნული ვიდეოფაილის შესაქმნელად გამოიყენეთ თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი პლატფორმა (თიმსი, გუგლმითი, ზუმი), რომელიც მოგცემთ საპრეზენტაციო მასალის (აქტივობის ფოტო, ვიდეომასალა ან სხვ.) ჩვენთვის დისტანციურ რეჟიმში გაზიარების, მოსწავლეების გამოცდილებისა და  საუბრის ჩვენთვის გაზიარების შესაძლებლობას. 

ვიდეოფაილის მაქსიმალური ქრონომეტრაჟი: 6 წუთი  

ვიდეოფაილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საკომუნიკაციო არხების საშუალებით გავრცელდება.

II ეტაპი   

კონკურსის მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ გასაუბრება. ასევე დავესწრებით მათ მიერ სკოლის მოსწავლეებისთვის ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ დისტანციურ ფორმატში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრას, აქტივობას. ამ შეხვედრაზე, დაგეგმილი აქტივობის დასასრულს,  დამსწრეებს გავაცნობთ იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ტექნოლოგიების მიმართულებით ქმნის.

დამატებითი პირობები

  • კონკურსში შეგიძლიათ წარადგინოთ, ერთზე მეტი აქტივობა/პროექტი  - თითოეული პროექტი ცალკე განაცხადის ფორმით გამოგვიგზავნეთ;
  • პირი, რომელიც კონკურსში პროექტს წარადგენს უნდა იყოს საჯარო სკოლის მოქმედი მოქმედი თანამშრომელი.

კონკურსის კრიტერიუმები

  • რამდენად უწყობს ხელს განხორციელებული აქტივობა ახალი ტექნოლოგიების დანერგვას, ახალ ტექნოლოგიებთან დაკავშირებულ ცოდნის გავრცელებას ახალგაზრდებში;
  • რამდენად გამოყენებულია აქტივობის განხორციელებისას ახალი ტექნოლოგიები და ინოვაციური მიდგომები;
  • რა იყო განხორციელებული აქტივობის შედეგი.

პროექტებს აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასებს  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების, განათლების ექსპერტებისა და ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის მენტორებისგან შემდგარი ჟიური.

 

როგორ მივიღო მონაწილეობა კონკურსში?

2021 წლის 15 თებერვლამდე შეავსეთ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა და ფორმაშივე აგვიტვირთეთ საკონკურსო დავალებით გათვალისწინებული ვიდეო ფაილი ბმულზე:

თუ ვიდეო ფაილის ელექტრონულ სააპლიკაციო ფორმაში ატვირთვისას შეგექმნებათ ტექნიკური პრობლემა, ვიდეო ფაილი გადმოგვიგზავნეთ მეილზე pr@iliauni.edu.ge და მეილის დანიშნულებაში (subject) „Tech - განმანათლებელი“, ხოლო მეილის ტექსტში განცხადებლის სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი და სკოლა, რომელსაც წარმოადგენს, რომ თქვენი იდენტიფიცირება შევძლოთ.

სააპლიკაციო ფორმა:https://bit.ly/3aYlkSO

 

დამატებითი კითხვებისთვის

pr@iliauni.edu.ge

ბანერები