ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ახალი ამბები

აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაციის მხარდაჭერის წერილი

განცხადებები

ძვირფასო კოლეგებო,

აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაციის (ENAI) სახელით გვსურს გამოვხატოთ გულწრფელი სოლიდარობა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემისთვის ამ მეტად შესაშფოთებელ პერიოდში.

ევროპული პროფესიული ქსელი ENAI აერთიანებს ინსტიტუციებს, მკვლევრებსა და პრაქტიკოსებს და ემსახურება აკადემიური კეთილსინდისიერების, ეთიკური აკადემიური კულტურისა და ინსტიტუციური ავტონომიის ხელშეწყობას. ჩვენი საზოგადოება დაფუძნებულია გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და სამეცნიერო საქმიანობის დამოუკიდებლობის ფუნდამენტურ ღირებულებებზე.

დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს. ნებისმიერი სისტემური ცვლილება, რომელიც საფრთხეს უქმნის ინსტიტუციურ ავტონომიას, ზღუდავს აკადემიურ მრავალფეროვნებას ან ასუსტებს კონკურენტულ აკადემიურ გარემოს, საგრძნობ უარყოფით შედეგს მოუტანს განათლების ხარისხს, კვლევების წარმატებასა და, ზოგადად, ინტელექტუალურ გარემოს. უნივერსიტეტების გაძლიერება სწორედ დამოუკიდებლობაზე, პლურალიზმსა და აკადემიურ და საზოგადოებრივ საჭიროებათა შესაბამის ორგანულ განვითარებაზეა დამოკიდებული.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩვენს ქსელში ფართოდ არის აღიარებული როგორც მაღალი რეპუტაციის აკადემიური ინსტიტუცია და ღირებული საერთაშორისო პარტნიორი. უკვე მრავალი წელია მას ვხედავთ, როგორც აკადემიური ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ღია აკადემიური დიალოგის განვითარების ლიდერს. თქვენს აკადემიურ საზოგადოებასთან თანამშრომლობა და ურთიერთობა ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, ინტელექტუალური სიღრმითა და ევროპული აკადემიური ღირებულებებისადმი მტკიცე ერთგულებით. ამის გამო განსაკუთრებით მტკივნეულია ხილვა, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, რომელთაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას მის ინსტიტუციურ სტაბილურობასა და აკადემიურ მისიას. უნივერსიტეტის ავტონომიის შემზღუდავი ღონისძიებები არსებითად ეწინააღმდეგება აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპებს, რომლებიც ეფუძნება დამოუკიდებელ მმართველობას, კვლევის თავისუფლებასა და არამართლზომიერი გარე ზემოქმედებისგან დაცვას.

გვჯერა, რომ არსებული გამოწვევები გადაიჭრება კონსტრუქციული დიალოგის, აკადემიური თვითმმართველობის პატივისცემისა და იმ პრინციპების დაცვით, რომლებიც საფუძვლად უდევს დემოკრატიულ და ცოდნაზე დაფუძნებულ საზოგადოებას. ინსტიტუციური ავტონომიისა და აკადემიური თავისუფლების დაცვა აუცილებელია უმაღლეს განათლებაში ნდობის, ხარისხისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესანარჩუნებლად.

ევროპული აკადემიური კეთილსინდისიერების ქსელი მზად არის მორალური მხარდაჭერის, პროფესიული ექსპერტიზისა და საერთაშორისო პერსპექტივის გასაზიარებლად, სადაც ეს საჭირო იქნება. ჩვენ დიდად ვაფასებთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის როლს აკადემიურ საზოგადოებაში და გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ დადებითად გადაწყდება მისი აკადემიური დამოუკიდებლობისა და მომავალი განვითარების დაცვის საკითხი.

პატივისცემითა და სოლიდარობით, ENAI-ის მმართველი საბჭოსა და მთელი ENAI-ის საზოგადოების სახელით,

ტომაშ ფოლტინეკი
მმართველი საბჭოს პრეზიდენტი

2026

ბანერები