


177-ე სკოლის უფროსკლასელების ვიზიტი SALiS ლაბორატორიაში
ახალი ამბები
19 დეკემბერს რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „მოსწავლეთა საბუნებისმეტყველო ლაბორატორია“ SPG-19-714, რომელსაც საბუნებისმეტყველო განათლების კვლევითი ცენტრი SALiS ახორციელებს, SALiS ლაბორატორიას ესტუმრნენ 177-ე სკოლის მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები (ფიზიკის პედაგოგი ინგა ნავდარაშვილი).
ლაბორატორიაში მოსწავლეებმა სენსორული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩაატარეს ექსპერიმენტები ფიზიკაში, გაეცნენ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების პრაქტიკული კვლევების ჩატარების მეთოდოლოგიას. მათთვის მომზადდა და ჩატარდა რამდენიმე კვლევითი მოდული როგორც ბუნებისმეტყველების დაწყებითი საფეხურის, ასევე ფიზიკის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის.
SALiS ლაბორატორიაში ჩატარებულმა სესიებმა აჩვენა, რომ მოსწავლეებს ძალიან აინტერესებთ მსგავსი სამუშაოები. ისინი თვითონ არიან მეცნიერთა როლში და ხშირად თავიანთთვის უცნობ მოვლენას აღმოაჩენენ ხოლმე, შეიმეცნებენ, როგორ მუშაობს მეცნიერება.
პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაშიც. ბუნებისმეტყველების მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლეებთან ერთად მოვლენ ჩვენს ლაბორატორიაში, თავადაც იქნებიან ამ პროცესის მონაწილენი, გაეცნობიან სხვადასხვა ტიპის საინტერესო ექსპერიმენტს, ასევე სწავლა-სწავლების თანამედროვე მიდგომებს, რომელთაც შემდგომ პრაქტიკაში დანერგავენ, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს მეცნიერების პოპულარიზაციის გრძელვადიან პერსპექტივას.
პროექტი მნიშვნელოვანია იმითაც, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები უძღვებიან როგორც ბუნებისმეტყველების, ასევე ფიზიკის ლაბორატორიულ სამუშაოებს.
2022 წელი
გალერეა