ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საქართველოს ფუტსალის თასი, 1/4 ფინალი. MFC ILIAUNI VS ARMIA

ახალი ამბები

29 მარტს, პარასკევს, გაიმართება საქართველოს ფუტსალის თასის გათამაშების მეოთხედფინალური მატჩები. ილიაუნის ფუტსალის პირველი გუნდი მეოთხედფინალურ მატჩს თავდაცვის სამინისტროს გუნდთან „არმია“ გამართავს.

წინა ეტაპი ჩვენმა გუნდმა წარმატებით გადალახა (t.ly/F75mb) და ანგარიშით 4-3 დაამარცხა წალენჯიხელები. თავის მხრივ, „არმია“ მერვედფინალში ფუტსალის ლიგის მესამე ლიგის გუნდს „ჯიპა” შეხვდა და ადვილად გადალახა აღნიშნული ბარიერი (6-0). 

ილიაუნისა და არმიელთა დაპირისპირებას დიდი ისტორია და გამოცდილება აქვს. ჩვენი შეხვედრები ყოველთვის დაძაბულობითა და სანახაობით გამოირჩეოდა. აღსანიშნავია, რომ იმ წელს, როდესაც ილიაუნის უმაღლესი ლიგის გუნდმა საქართველოს ფუტსალის თასი მოიგო (2021 წ.), არმიელები მეორე დივიზიონში ასპარეზობდნენ და „ფუტსალის ლიგა 2”-ის ფინალში ჩვენს ფარმკლუბს, MFC ILIAUNI 2-ს, დაუპირისპირდნენ. ჩვენდა სასიხარულოდ, 2020/21 წლების სეზონის „ლიგა 2”-ის ჩემპიონები ჩვენ გავხდით – მოწინააღმდეგე სამმატჩიან ორთაბრძოლაში დავამარცხეთ, „არმიამ“ კი უმაღლესი დივიზიონის საგზური მოიპოვა და მას შემდეგ პირველ ლიგაში ასპარეზობს.

მიმდინარე ფუტსალის რეგულარულ სეზონში არმიელებს სამჯერ შევხვდით, ერთხელ ჩვენ ვიმარჯვეთ, ერთხელ – მოწინააღმდეგემ და ერთი ფრეც ვითამაშეთ:

  • II ტური: MFC ILIAUNI 7:7 ARMIA   (ოქმი: t.ly/asPcf
  • IX  ტური: ARMIA 4:1 MFC ILIAUNI (ოქმი: t.ly/-zaRE)
  • XVI ტური: MFC ILIAUNI 5:4 ARMIA (ოქმი: t.ly/Fowtc)

საინტერესო სტატისტიკა აქვს გიორგი ქურხულს, რომელმაც არმიელებთან 3 მატჩში 5 გოლის გატანა შეძლო.

მატჩი დაძაბული და სანახაობრივი იქნება. 

ილიაუნის განსაკუთრებულად სჭირდება თქვენი, გულშემატკივრების, მხარდაჭერა, ამიტომ გელით ყველას!

29 მარტი, 12:00 საათი, არენა 2, უნივერსიტეტის ქუჩა N6

შეხვედრები ლიგის ოფიციალურ ფეისბუქ და იუთუბარხებზე პირდაპირი ტრანსლაციით გაშუქდება.

2024




ბანერები