საგაზაფხულო სკოლა „საქართველო და ევროპა: კავშირები და პერსპექტივები“
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტი და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ამავე ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებისთვის 30 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით ილიაუნის დედოფლისწყაროს კვლევით ბაზაზე გამართავს საგაზაფხულო სკოლას „საქართველო და ევროპა: კავშირები და პერსპექტივები“.
სკოლის შესახებ
სკოლის მიზანია ევროპასა და საქართველოს შორის მრავალმხრივი კავშირების სიღრმისეულად შესწავლა და ინტერდისციპლინური კუთხით ევროპისა და საქართველოს სიახლოვის განხილვა. სკოლა სტუდენტებს შესაძლებლობას მისცემს აკადემიური საქმიანობა დააკავშირონ ევროპის უფრო ფართო გაგებასთან, დაინახონ ევროპისა და საქართველოს სიახლოვე ისტორიული, სოციოლოგიური, ფილოსოფიური, პოლიტიკური და ლიტერატურული პერსპექტივიდან.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის შესაბამისი მიმართულების პროფესორები, მოწვეული მასწავლებლები და მკვლევრები სკოლის მონაწილეებისთვის გამართავენ 3-დღიან ლექცია-სემინარებსა და ვორკშოპებს ევროპასა და საქართველოს შორის ურთიერთობების ჰოლისტური გაგების შესახებ. მონაწილეები გაეცნობიან საქართველოსა და ევროპის მდიდარ კულტურულ, ისტორიულ და სოციალურ ასპექტებს. სკოლა საშუალებას მისცემს სტუდენტებს, დაინახონ საქართველოსა და ევროპას შორის გრძელვადიანი კავშირის გლობალური შედეგები, როგორებიცაა: პოლიტიკური დინამიკა, ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულება, კულტურული გაცვლა და სხვა საერთო მისწრაფებები.
ვის შეუძლია მონაწილეობა?
ევროპასა და საქართველოს შორის ურთიერთობებით და ამ კავშირის სიღრმისეული გამოკვლევით დაინტერესებულ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს.
სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე, რომელზეც ტექნიკური/საკონტაქტო ინფორმაციის გარდა გამოგზავნიან ესეის სათაურით: „სად არის საქართველოს ადგილი თანამედროვე სამყაროს პოლიტიკურ რუკაზე?“.
პროგრამის დეტალები
საგაზაფხულო სკოლის თარიღები: 30 მაისი – 1 ივნისი
ადგილმდებარეობა: ილიაუნის დედოფლისწყაროს კვლევითი ბაზა
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 21 მაისი
განაცხადის გასაგზავნად გთხოვთ, ეწვიეთ ბმულს. კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ მისამართზე: student.affairs@iliauni.edu.ge
2025