ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დოქტორანტთა დასაქმების კვირეულში მონაწილე დამსაქმებლები

ახალი ამბები

2022 წლის 11-დან 15 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სადოქტორო სკოლისა და სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართება დასაქმების კვირეული, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტები.

კვირეულის მიზანია სამსახურის მაძიებელი დოქტორანტებისა და კურსდამთავრებულების დაკავშირება დამსაქმებლებთან. კვირეულზე დამსაქმებლები შეხვდებიან როგორც საერთაშორისო სადოქტორო სკოლის, ასევე სხვა სადოქტორო პროგრამების დოქტორანტებსა და კურსდამთავრებულებს, გააცნობენ ინფორმაციას ორგანიზაციის შესახებ, გაესაუბრებიან და შესთავაზებენ თანამშრომლობას.

დასაქმების კვირეული ჩატარდება დისტანციურად, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით და მასში მონაწილეობას მიიღებენ:

სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია ქვეყანაში საჯარო მმართველობის ადმინისტრაციული და საკანონმდებლო პოლიტიკის შემუშავება და ეფექტური საჯარო მმართველობის პრინციპების დანერგვა. ბიურო ხვეწს საჯარო სამსახურის მარეგულირებელ საკანონმდებლო ბაზას, აუმჯობესებს საჯარო სამსახურების ადამიანური რესურსების მართვის სისტემებს და ნერგავს ელექტრონული მმართველობის პროექტებს. საჯარო სამსახურის ბიუროს მისიაა ხელი შეუწყოს ეფექტურ და გამჭვირვალე საჯარო მმართველობას საქართველოში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოწოდებულია, საზოგადოების მონაწილეობით ჩამოაყალიბოს თანამედროვე და ინოვაციური საგანმანათლებლო და სამეცნიერო გარემო. ეს გარემო ეფუძნება არჩევანის თავისუფლებისა და თანამშრომლობის, სამართლიანი კონკურენციისა და თანაბარი შესაძლებლობების, სამოქალაქო ერთიანობისა და კულტურული თვითმყოფადობის პატივისცემის პრინციპებს და ხელს უწყობს ადამიანებს, შეიძინონ და განავითარონ სოციალური წარმატებისა და თვითრეალიზებისთვის საჭირო ცოდნა და უნარები.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომლის მიზანია სკოლაში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა მასწავლებლის პროფესიული ცოდნისა და საქმიანობის მაღალი სტანდარტის დამკვიდრების გზით. 

სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან დამოუკიდებელ ორგანიზაციას და დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, გეოლოგიური პროცესების და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის

სსიპ ქალაქ თბილისის N203 საჯარო სკოლა – სკოლა, რომელიც ემსახურება სმენის პრობლემის მქონე მოსწავლეებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი სამთავრობო დაწესებულებაა, რომელიც არსებული კანონმდებლობის საფუძველზე შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს. სამინისტრო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის აპარატი – საქართველოს პარლამენტის აპარატი შექმნილია საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით.

სსიპ - შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ, რომელიც უზრუნველყოფს გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას. 

სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულება, კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და დანაშაულის პრევენცია. 

სსიპ - საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორია – ციური სხეულებისა და სამყაროს აგებულების კვლევა.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია – საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის უმაღლესი ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ხელმძღვანელობს და აკონტროლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიას. 

მედიის განვითარების ფონდი (MDF) – მედიის განვითარების ფონდი, MDF, ეწევა კვლევით და საგანმანათლებლო საქმიანობას; ახორციელებს ადვოკატირებას; ატარებს ტრენინგებს, შეხვედრებს, საჯარო დისკუსიებს, შემოქმედებით კონკურსებს. გამოსცემს სასწავლო და პროფესიულ ლიტერატურას, აწარმოებს მედიაპროდუქციას და საგანმანათლებლო კამპანიებს, ასევე ახდენს ახალგაზრდების მობილიზებას სამოქალაქო თუ საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელების მიზნით. ორგანიზაციის ძირითადი მიმართულებებია: სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ეთიკური ჟურნალისტიკა და ანგარიშვალდებულება; მედიაწიგნიერება; ადამიანის უფლებები; მრავალფეროვნება და ინკლუზიური საზოგადოება; გენდერული თანასწორობა; ახალგაზრდული ინიციატივებისა და სამოქალაქო აქტივიზმის მხარდაჭერა. 

საერთაშორისო ფონდი კურაციო – საერთაშორისო ფონდი კურაციო (CIF) არაკომერციული, არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მისიაა ჯანდაცვის გაუმჯობესება ჯანდაცვის სისტემების გაძლიერების გზით. კურაციო საქმიანობის განხორციელებისას ეყრდნობა ეროვნული და საერთაშორისო ექსპერტებისა და მკვლევრების ქსელს, რაც საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთთან დავაკავშიროთ ადგილობრივი პრობლემები და მათი გადაჭრის გზები. ვცდილობთ, გავაუმჯობესოთ ჯანდაცვის პოლიტიკა და ჯანდაცვის სისტემები.

საქართველოს ეროვნული ბანკი – საქართველოს ეროვნული ბანკი წარმოადგენს საქართველოს ცენტრალურ ბანკს და მისი სტატუსი განსაზღვრულია ქვეყნის კონსტიტუციით. ეროვნული ბანკის საქმიანობის უმთავრესი მიზანია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა. 

სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) – სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას. საქსტატის მიზანია, ოფიციალური სტატისტიკის გაეროს ფუნდამენტური პრინციპებისა და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსის შესაბამისად, აგრეთვე სტატისტიკის საერთაშორისოდ აღიარებული ძირითადი პრინციპების საფუძველზე ქვეყანაში დამოუკიდებელი, ობიექტური და სანდო სტატისტიკის წარმოების უზრუნველყოფა.

დასაქმების კვირეულის განრიგი დღეების მიხედვით ეტაპობრივად გამოქვეყნდება. 

 2022 წელი

ბანერები