პროექტის PRODIGE ტრენინგ-სემინარი
ახალი ამბები
ილია სახელმწიფო უნივერსიტეტის ხუთი აკადემიური და ადმინისტრაციული თანამშრომელი 19 მარტიდან 10 აპრილის ჩათვლით ონლაინ მონაწილეობდა პროექტის Erasmus+ CBHE „ხარისხიანი ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში“ (PRODIGE) საერთაშორისო ტრენინგ-სემინარში. ტრენინგი დაეთმო ციფრული განათლების ტრანსფორმაციულ როლს ინკლუზიურობისა და უწყვეტი განათლების მხარდაჭერის კონტექსტში.
ტრენინგის მონაწილეებმა განიხილეს, როგორ შეიძლება ციფრული განათლების საშუალებით გაიზარდოს უმაღლეს განათლებაზე წვდომა ფართო აუდიტორიისთვის, მათ შორის განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის, ცენტრიდან გეოგრაფიულად დაშორებულ ან ნაკლებად ხელმისაწვდომ რეგიონებში მცხოვრები სტუდენტებისთვის, დასაქმებული პროფესიონალებისა და სტუდენტებისთვის, რომლებიც მოქნილ საგანმანათლებლო გზებს ეძებენ.
პროექტის შესახებ
სტრუქტურული რეფორმის პროექტი PRODIGE, რომელიც ორგანიზებას უწევს საქართველოში მაღალი ხარისხის ციფრული განათლების დანერგვას, შემუშავებულია პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტებისა და საქართველოს 10 წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ. მასში ასევე მონაწილეობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
პროექტის მიზანია ციფრული განათლების ხელშეწყობა საქართველოში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერებით.
2025
გალერეა