ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების სკოლამ აშშ- ის საელჩოს წიგნის თარგმნის პროგრამა 2024-ის დაფინანსება მოიპოვა
ახალი ამბები
საქართველოში აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების მიერ გამოცხადებულ კონკურსში „წიგნის თარგმნის პროგრამა 2024“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის მიერ სათარგმნად წარდგენილმა წიგნმა „ფილმი, ფორმა და კულტურა" (რობერტ კოლკერი, მარშა გორდონი, მე-5 გამოცემა, 2024, Routledge) დაფინანსება მოიპოვა.
აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილება ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს ამერიკელ ავტორთა წიგნების თარგმნის პროგრამაზე. მისი მიზანია ქართველი სტუდენტებისათვის, მკვლევრებისა და დაინტერესებული საზოგადოებისთვის ფინანსურად და ფიზიკურად ხელმისაწვდომი გახადოს უახლესი კვლევები, სახელმძღვანელოები და თანამედროვე პოპულარული ლიტერატურა.
შერჩეული წიგნი მოიცავს კინოთეორიების, კულტურული კონტექსტების, ფილოსოფიის, პოლიტიკის, იდეოლოგიების, თანამედროვე გამოწვევებისა და კინოს ისტორიული პროცესების განხილვას, ამდენად გვეხმარება კინოს კვლევის კომპლექსური სურათის დანახვაში: სხვადასხვა პერიოდის, ჟანრის, შინაარსის კინემატოგრაფის შესწავლაში. წიგნი უპირველესადსწორედ კინომცოდნეების, სტუდენტებისა და კინოთი დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის იქნება განკუთვნილი, გამოსადეგი იქნება ასევე კულტურისა და ხელოვნების მიმართულების სტუდენტებისთვის, ფილოსოფოსებისათვის, ისტორიკოსებისთვის, ამერიკული მემკვიდრეობისა და მომიჯნავე დისციპლინების მკვლევრებისთვის.
თარგმანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზატორობითა და CinExpress-ის თანაპარტნიორობით განხორციელდება. უახლესი გამოცემა ინგლისურ ენაზე 2024 წლის 29 მარტს დაიბეჭდა. მისთარგმანზე იმუშავებენ: პროფესიონალი მთარგმნელი დალილა გოგია და კინოს მკვლევართა, მთარგმნელთა გუნდი: დოქტორი ალექსანდრე გაბელია, დოქტორი ლიკა გლურჯიძე, დოქტორანტი ნინი შველიძე, მაგისტრანტი გიორგი ჯავახიშვილი.
დალილა გოგიას ინგლისურიდან ქართულად ნათარგმნი აქვს შემდეგი მწერლების პოეტური და პროზაული ნაწარმოებები: ჯონ აპდაიკი, ტედ ჰიუზი, ლოურენს ფერლინგეტი, ალენ გინსბერგი, ჩაკ პალანიკი, რონი პეჯეტი, ბილი კოლინზი, ჯეკ კერუაკი, სილვია პლათი, რეიმონდ კარვერი, სალმან რუშდი, მარგარეტ ეტვუდი, ჯონ მაქსველ კუტზეე და სხვ. კინოს მკვლევართა გუნდში კი, რომელიც წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, არიან პროექტის ინიციატორები და ავტორები, ილიაუნის ლექტორები, ასევე ონლაინკინოს პლატფორმის CinExpress სარედაქციო ჯგუფის წევრები, რომელთაც აქვთ კინოს თეორიული ტექსტების თარგმნის გამოცდილება და გამოცემული აქვთ ელექტრონული ჟურნალი კინოზე, რომელიც აერთიანებს კრიტიკულ ესეებს, ინტერვიუებსა და თარგმანებს.
Routledge, აკადემიური წიგნების, ჟურნალებისა და ონლაინრესურსების წამყვანი აკადემიური გამომცემელი ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში, წევრია 1852 წელს დაარსებული საერთაშორისო გამომცემლობა Taylor & Francis Group-ისა, რომელსაც ეკუთვნის წიგნის თარგმნის უფლებები.
ინფორმაცია წიგნის შესახებ:
2024