ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროექტი azrebi.ge

პროექტი azrebi.ge

azrebi.ge წარმოადგენს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტს და ჩაფიქრებულია, როგორც უნიკალური ადგილი კიბერ-სამყაროში, სადაც, პრაქტიკულად შეუზღუდავი აუდიტორიის წინაშე, თქვენი პოლიტიკური, რელიგიური, ეროვნული, ეთნიკური და სხვა იდენტობის მიუხედავად, შეგიძლიათ გამოთქვათ თქვენი აზრები, დაასაბუთოთ მათი მნიშვნელობა და მოუსმინოთ სხვებს.
ყველა ექსპერტული შეფასებით, დღეს საქართველოში არ არსებობს საჯარო სამოქალაქო სივრცე, რომელიც საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პრობლემებზე შეუზღუდავი დისკუსიის და არაიერარქიული თვითგამოხატვის საშუალებას მოგვცემს.


azrebi.ge ორი ნაწილისაგან შედგება:„დაწერილი აზრები“ - ტექსტების გვერდი და „ვიდეო აზრები”- მონოლოგების, დიალოგების, დისკუსიების და პრეზენტაციების სივრცე.

პროექტის უნიკალურობა ეყრდნობა სხვადასხვა პოლიტიკური და საზოგადოებრივი მსოფლმხედველობის და გამოცდილების მატარებელი „მასპინძლების” არსებობას: „ვიდეო აზრებში“ მასპინძლები აწყობენ დისკუსიებს და განხილვებს. ასევე, ისინი ზრუნავენ საინტერესო სტუმრების იდენტიფიკაციაზე და მათთვის ვიდეო-პრეზენტაციის შეთავაზებაზე; „დაწერილ აზრებში“ მასპინძლები წერენ ტექსტებს, რომელთა საშუალებით მსჯელობენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე და ცდილობენ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი ჩართონ ამ მსჯელობაში - შესთავაზონ სტატიის დაწერა და გამოქვეყნება ვებ-გვერდზე.

რა თქმა უნდა, ყველა მასპინძელი „ვიდეო აზრების“ და „დაწერილი აზრების“ საშუალებით საკუთარ აზრს გამოხატავს, მაგრამ მასპინძლების სიმრავლე და განსხვავებულობა არის azrebi.ge-ს, როგორც კიბერ-საჯარო სივრცის მრავალფეროვნების, მიუკერძოებლობის და უნივერსალურობის საფუძველი.
გარდა მასპინძლებისა, „ვიდეო აზრებში“ და „დაწერილ აზრებში“ მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს. ამისათვის, თქვენ უნდა დაუკავშირდეთ რომელიმე მასპინძელს, გვერდებზე მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართის გამოყენებით და გაუგზავნოთ თქვენი მომავალი ვიდეო-პრეზენტაციის შინაარსი ან გამოსაქვეყნებელი ტექსტი. მასპინძელი აუცილებლად გიპასუხებთ და მოგელაპარაკებათ თქვენი პრეზენტაციის თუ ტექსტის გამოქვეყნების დეტალებზე.
შენიშვნა: ვებსაიტზე გამოქვეყნებული ყველა მასალა ღიაა ყველა მედია საშუალებისათვის: მათ შეუძლიათ მასალების შეუზღუდავი გამოყენება ან რეპროდუცირება წყაროს მითითებით.


პროექტი azrebi.ge იხილეთ ბმულზე: http://azrebi.ge

ბანერები